შიდა აუდიტის დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ”სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭირვალობისა და კანონიერების პრინციპებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში შედის:
- სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაში პოტენციური რისკის გამოაშკარავება;
- რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების ადექვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება;
- სამინიტროს სისტემის საქმიანობის ეფექტიანობის ხელშეწყობა;
- სახელმწიფო საქმიანობაში გამჭირვალობის პრინციპების დაცვა და მდგრადობის უზრუნველყოფა;
- ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადექვატურობა;
- სამინისტროს სისტემის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა;
- მინისტრის დავალებით სამინისტროს სისტემის დაწესებულებათა და ორგანოთა საფინანსო კონტროლის უზრუნველყოფა, მათი სამსახურებრივი შემოწმება, შესაბამისი განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, აუდიტის შედეგების შესახებ დასკვნების შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შემადგენლობაში შედის: შიდა კონტროლის სამმართველო; ინსპექტირების სამმართველო და რისკების შეფასების განყოფილება.
შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოქმედებს სსიპ ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან” კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
ინფორმაცია გენერალური ინსპექციის მიერ 2009 წლისა და 2010 წლის I-II კვარტლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ
2009 წლის სექტემბერში, გენერალური ინსპექციის რეორგანიზაციის შემდეგ, შემუშავებულ იქნა გენერალური ინსპექციის ახალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ინსპექციის სტრუქტურა, დეტალურად გაიწერა ფუნქცია-მოვალეობები, რითაც შესაძლებელი გახდა გენერალური ინსპექცია ჩამოყალიბებულიყო, როგორც რეალური შიდა უწყებრივი კონტროლის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ექვემდებარება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს და მისი სახელით ხელს უწყობს სამინისტროს ეფექტურ ფუნქციონირებას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემაში საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების უზენაესობის დაცვა-განმტკიცება.
შიდა უწყებრივი კონტროლის გზით გენერალური ინსპექციის მიერ პერმანენტულად მიმდინარეობს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების კონტროლი, საჯარო მმართველობის ეფექტურობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან სახელმწიფო და მოქალაქეთა ინტერესების დაცვის კონტროლი.
გენერალური ინსპექცია სამინისტროს სისტემაში მართლსაწინააღმდეგო ფაქტების გამოვლენისათვის აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებასთან. ამისათვის ინსპექციაში ფუნქციონირებს ,,ცხელი ხაზი” და ელ. ფოსტა. საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული მონაცემები დაგზავნილი და გამოკრულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში.
- 2009 წელს გენერალური ინსპექციის მიერ დაიწყო და პერმანენტულად მიმდინარეობს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობისა და დისციპლინის დაცვის კონტროლის პროცედურა.
- საანგარიშო პერიოდში გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარდა შემდეგი გეგმური და არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმებები:
- გენერალური ინსპექციის უფროსის 26.11.09წ-ის №1-2/03 ბრძანებით ჩატარდა (I ეტაპი ჩატარდა 2009 წლის 26-30 ნოემბერს) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სსიპ ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო”-ს, სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტო”-სა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი”-ს თანამშრომელთა (50 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმება. შემოწმების შედეგების საფუძველზე თანამდებობიდან განთავისუფლდა ორი თანამშრომელი;
- გენერალური ინსპექციის მიერ შემოწმებულ იქნა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საქმიანობის მართლზომიერება, კერძოდ: სს “გუდაური”, შპს “საქგეოსერვისი” და შპს “საქნავთობი-სამგორი”, შპს “ალექსანდრა”, შპს “გზაკომუნპროექტი”, შპს “საგზაო ტექნიკა”, სს “ინფორმატიკისა და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტი”, სს “საქაბრეშუმი” და სხვ. აღნიშნულ საწარმოებში გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ რეკომენდაციები გაეგზავნა სსიპ “საწარმოთა მართვის სააგენტო”-ს.
- საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების - სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის, ადმინისტრაციის საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობის შემოწმება. შემოწმების შედეგები შესაბამისი რეკომენდაციებით რეაგირებისათვის გადაეგზავნა აღნიშნულ დეპარტამენტებს.
გენერალური ინსპექციის რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დამრღვევ მოიჯარეებიდან და სახელმწიფო ქონებით უკანონოდ მოსარგებლეთაგან ამოღებულ იქნა 10 530 აშშ დოლარი და 64 000 ლარი.
- გენერალური ინსპექციის მიერ საანგარიშო პერიოდში შემოწმდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კერძოდ: სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრი”, სსიპ “საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო”.
- ამავე პერიოდში შემოწმებული იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - “ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი”.
- შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით გენერალური ინსპექციის მიერ შემუშავდა და რეკომენდაციები გაეგზავნა შესაბამის დაწესებულებებს, ხოლო შემოწმების რამდენიმე მასალა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების ნიშნების არსებობის გამო, გადაეგზავნა სამართალდამცავ ორგანოებს.
- გენერალურ ინსპექციაში პერმანენტულად მიმდინარეობს მინისტრის ბრძანებების შესრულების მდგომარეობის კონტროლი.
- პარალელურად, გენერალური ინსპექცია ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული განხადება-საჩივრების განხილვასა და რეაგირებას.
- გენერალური ინსპექცია აქტიურ მონაწილეობას იღებს სამინისტროში შექმნილი კომისიებისა თუ სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გენერალური ინსპექცია ჩართულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვისა და საპრივატიზებოდ მომზადების მიზნით შექმნილი კომისიის მიმდინარე მუშაობაში. ჯგუფის საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ქონების უკანონო ფლობისათვის სხვადასხვა პირებს დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის გადახდა, აქედან 800 000 (რვაასი ათასი) ლარი უკვე ჩარიცხულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.
- გენერალური ინსპექციის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები საკადრო პოლიტიკის დახვეწისათვის, კერძოდ კი შემუშავდა რეკომენდაციები სამინისტროს მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სამსახურში მისაღები კანდიდატების მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის დახვეწისათვის, ასევე საატესტაციო კომისიის შექმნის უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული ღონისძიებების გატარება ხელს შეუწყობს სამინისტროს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას, რაც თავის მხრივ გაზრდის სამინისტროს ეფექტურ ფუნქციონირებას.
- გენერალური ინსპექციის მიერ შემუშავდა არაერთი რეკომენდაცია სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური კონტროლის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.