საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დღეს საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში 2009 წლის დამსახურებულ მშენებლებსა და არქიტექტორებს სიგელები და სამკერდე ნიშნები გადასცა.
სიგელებით და სამკერდე ნიშნებით 7 მშენებელი და 5 არქიტექტორი დაჯილდოვდა. არქიტექტორებიდან დავით აბულაძე, ვიტალი ფრანგიშვილი, დუგლას ზამთარაძე, გივი ბერიძე დაჯილდოვდნენ.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საპატიო სიგელი დაიმსახურა არქიტექტორმა ბესო გელდიაშვილმაც, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
რაც შეეხება მშენებლებს, სიგელები დემურ კოვიზირიძეს, გოგი ბერაძეს, სოსო ჯღარკავას, დავით ლაცაბიძეს, თეიმურაზ ლაზარიაშვილსა და ვაჟა ნადირაშვილს გადაეცათ.
ზურაბ პოლოლიკაშვილმა დამსახურებულ მოღვაწეებს საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოწყობაში მონაწილეობა შესთავაზა და განაცხადა, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ამ მიმართულებით სხვადასხვა რეგიონების განვითარების დეტალურ გეგმაზე იმუშავებს.
ღონისძიების ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მშენებლობის დეპარტამენტმა, არქიტექტორებთან და მშენებლებთან ერთად, სარეკრეაციო ტერიტორიების განაშენიანების გენერალური გეგმების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ბაკურიანის, ურეკისა და ბახმაროს განვითარების პროექტები, რაც მოიცავს სარეკრეაციო ტერიტორიების სწორ დაგეგმარებას და ფუნქციების ზუსტად განაწილებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამშენებლო დარგის ადმინისტრირების რეფორმის საკითხიც, რაც გულისხმობს არქმშენინსპექციის, საქტექზედამხედველობის და განსაკუთრებული ნებართვების გაცემის ერთ სისტემაში მოქცევას და ამ ერთიანი სისტემის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურად ჩამოყალიბებას.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები