18 იანვარს ბაკურიანში გაიმართა სვანეთის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის დაგეგმარების პრეზენტაცია. საქართველოს პრეზიდენტმა ამ კურორტების პერსპექტივები საზოგადოებას მთავრობის წევრებთან ერთად გააცნო – ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ.
ღონისძიება ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტუროზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მას მთავრობის წევრების გარდა ტურიზმის სფეროს, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, დაგეგმილია მესტიის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის და ანაკლიის ზღვისპირა ზოლის განაშენიანება. ამ კურორტებს დიდი პერსპექტივები და პოტენციალი აქვს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით კი მუშაობა უკვე იწყება, ამასთან, 2010 წელს მოხდება საავტომობილო გზის სენაკი-მესტიის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რაც შესაძლებელს გახდის უნიკალური საზაფხულო ტურისტული პროდუქტის – ზღვაზე დასვენებისა და სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტის კომბინირებულ მოქმედებას.
როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ტურიზმის განვითარების კუთხით ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომელთა ანალოგიც მსოფლიოში ბევრ ქვეყნას არ გააჩნია. ამასთან, მისი პროგნოზით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, საქართველოში უახლოეს წლებში ტურისტთა რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება დაავალა, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს – ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თავის მხრივ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოში დაახლოებით 10 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ტურიზმის სფეროს ქართული ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
მისი აზრით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო სწორედ ახალი, კომბინირებული საკურორტო პროდუქტი იქნება, მითუმეტეს, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ზაფხულში მოქმედი სათხილამურო ტრასა არსებობს და უახლოეს წლებში მათ რიგებში სვანეთში, უშბის სათხილაურო ტრასაც იქნება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები