2010 წლის 22 იანვარს ესპანეთის დედაქალაქში გაიმართა შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შორის.
მადრიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან – ტალებ რიფაი, მტო-ს გენერალური მდივანი, ზოლტან სამოგუი, მტო-ს აღმასრულებელი დირექტორი, ედუარდო ფაიოს სოლა, მტო-ს ევროპის რეგიონული წარმომადგენელი. ქართულ მხარეს წარმოადგედნენ – ზაალ აბაზაძე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბექა ჯაყელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და 2010 წელს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მტო-ს გენერალური მდივანმა ტალებ რიფაიმ აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა აქვს.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზაალ აბაზაძემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს თანადგომისათვის და საქართველოში მოიწვია.
ზაალ აბაზაძემ ისაუბრა საქართველოში ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და პერსპექტივებზე, ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი პროექტების მიმდინარეობას, კერძოდ, სვანეთის, როგორც 12-თვიანი სამთო-სათხილამურო კურორტის და ანაკლიის, როგორც საზღვაო კურორტის კომბინირებულ განვითარებაზე ისაუბრა და თხოვნით მიმართა მტო-ს, რათა ჩაერთოს ზემოაღნიშნული პროექტის საკონსულტაციო ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრიორიტეტი რეგიონულ პროექტებზე მუშაობაა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ჯაყელმა მტო-ს ხელმძღვანელობას წარუდგინა ორი ინიციატივა: ტურიზმის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის ტურიზმის განვითარების ინიციატივა.
სამხრეთ კავკასიის პროექტი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთიან პოზიციონირებას შორეულ ბაზრებზე, ასევე რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურისტული კომპანიების ერთობლივი პროდუქტების შექმნას.
რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, აუცილებელია რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროდუქტების შექმნა და საკრუიზო ბიზნესის განვითარება.
ქართულმა მხარემ მტო-ს გენერალურ მდივანს თხოვნის მიმართა, რათა უახლოეს მომავალში თბილისში ამ ორგანიზაციის ეგიდით გაიმართოს სასწავლო სემინარი ტურიზმის პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის საქართველოში ტურიზმის განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ მზადყოფნა გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და მტო-ს ეგიდით დაიწყოს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელება.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო > სიახლეები