ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება
 

1 ივლისიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო – ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის 1 იანვარს დაიწყო და  ეტაპობრივად ხორციელდება. 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:

  • 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის მქონე, მძღოლის გარდა) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები; 
  • 2018 წ. 1 ივლისიდან დაიწყება სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილების ინსპექტირება;
  • 2018 წ. 1 ოქტომბრიდან M1 (მსუბუქი) - 3000  კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე მსუბუქი  ავტომობილების ინსპექტირება;
  • 2019 წ. 1 იანვრიდან M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.
 
ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით. მაგალითად: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის M1 (მსუბუქი) კატეგორიის, რომლის ძრავის მოცულობა შეადგენს 3000 კუბურ სანტიმეტრს ან მეტს და მისი რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით).  

ავტოსატრანსპორტო საშუალებების (რომლებზეც ვრცელდება გრაფიკი) ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულოა რეგისტრაციის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
 

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხება 

  • ტრანზიტული ნომრების მქონე და განუბაჟებელ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს;
  • O1, O2 (მისაბმელი 750 კგ-დან 3500 კგ-მდე) და L (მოტოციკლი) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;
  • ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებებს (ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც დამზადებულია 1960 წლამდე; აღნიშნული ტიპისა და მოდელის სატრანსპორტო საშუალება მოხსნილია წარმოებიდან და აღარ გამოდის; ისტორიულად დაცულია და შენარჩუნებული პირვანდელი მდგომარეობით და მისი ძირითადი კომპონენტების ტექნიკურ მახასიათებლებს არ განუცდიათ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება);
  • იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ამოღებულია ექსპლუატაციიდან;
  • სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს.
     

ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება 

  • მსუბუქი და მისაბმელი სატრანსპორტო საშუალებებისათვის - 60 ლარი;
  • სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.


ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა

ავტომფლობელებისთვის ამოქმედდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესი:

  • სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ, მძღოლის გარდა) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებები ტექნიკურ ინსპექტირებას გაივლიან გამოშვების თარიღიდან ერთი წლის შემდეგ და შემდეგ ყოველ წელიწადს, ხოლო გამოშვების თარიღიდან ოთხი წლის შემდეგ - წელიწადში ორჯერ;
  • სატვირთო (3.5 ტ. და ზემოთ) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი (3,5ტ. 10ტ.-მდე და მეტი) - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • სასწრაფო დახმარება და ტაქსი - ერთი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს;
  • მსუბუქი სამგზავრო - ოთხი წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ კი ყოველ წელიწადს;
  • მსუბუქი სატვირთო - ოთხი წლის მერე გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენი დოკუმენტაცია

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
  •  მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

 

რა მოწმდება ინსპექტირებისას

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია;
  • სამუხრუჭო აღჭურვილობა;
  • საჭით მართვის სისტემა;
  • ხილვადობა;
  • ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა;
  • ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება;
  • შასი და მისი შემადგენლები;
  • სხვა მოწყობილობები;
  • გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

 

როგორ გაივლიან ინსპექტირებას გაზზე მომუშავე და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები 

ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ჩვეულებრივ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, მაგრამ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2018 წლის პირველი იანვრიდან, აღნიშნული თარიღის შემდეგ ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში.

აგრეთვე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებმაც გაიარეს პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან და ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ გაივლიან შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას მისი მდებარეობის შემდგომი ცვლილების შემთხვევაში. 


ინპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისა და ექსპლუატაციისათვის ჯარიმა 

  • ფიზიკური პირი – 50 ლარი;
  • იურიდიული პირი – 200 ლარი.

 

 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©