თავის მოკლე მიმოხილვა

იმპორტი საქართველოში (ვალდებულება)


შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ევროკავშირში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე საქართველოში საბაჟო გადასახადი გაუქმდება.


იმპორტი ევროკავშირში (სარგებელი)

შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე საქართველოში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე ევროკავშირში საბაჟო გადასახადი გაუქმდება (გარდა ნიორისა, რომელზეც საბაჟო გადასახადი გაუქმდება ქვოტის ფარგლებში). 

საქართველოდან ევროკავშირში იმპორტირებულ პროდუქციის ნაწილზე განსაზღვრულია შემდეგი ღონისძიებები:

1. ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - ადვალური გადასახადიდან თავისუფალი (Entry Price - Ad Valorem Free)

28 სატარიფო ხაზზე (სრული სატარიფო ნუსხის (9383) 0.3%), იმოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - Entry Price (იმპორტის ფიქსირებული ფასი). აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის  საინვოისო ფასი, ევროკავშირში იმპორტისას, ევროკავშირის მიერ დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორი გადაიხდის სხვაობას საინვოისო და ფიქსირებულ ფასს შორის, ხოლო თუ თანაბარი ან უფრო მაღალი იქნება, პროდუქცია „შესვლის ფასი“-ს მექანიზმისგან თავისუფლდება.

ამასთან, ქართული წარმოშობის პროდუქტზე უქმდება ადვალური საბაჟო გადასახადი, რომელიც ჩვეულებრივი ვაჭრობის რეჟიმში, ემატება ზემოთაღნიშნულ 28 დასახელების საქონლის ჯგუფს.

2. გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმი (anti-circumvention mechanism)

სოფლის მეურნეობისა და კვების გადამამუშავებელი პროდუქციის 277 სატარიფო ხაზი (სრული სატარიფო ნუსხის (ნომენკლატურის) 3%) ექვემდებარება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს.  მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში, კერძოდ: 

როდესაც კალენდარული წლის დასაწყისიდან გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული ერთი ან მეტი პროდუქტის იმპორტი მიაღწევს  ფიქსირებული რაოდენობის 70%-ს, ევროკავშირი ატყობინებს საქართველოს კონკრეტული პროდუქტის იმპორტის მოცულობის შესახებ. საქართველოს აქვს შესაძლებლობა წარუდგინოს ევროკავშირს არგუმენტირებული (მაგ. წარმოების მოცულობის გაზრდის, უხვმოსავლიანობის და ა.შ) დასაბუთება იმპორტის შესაძლო გადაჭარბების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია განახორციელოს მექანიზმით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობის პროდუქციის იმპორტი ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე.

3. სატარიფო ქვოტა  

სატარიფო ქვოტა (საბაჟო გადასახადების ლიბერალიზაცია ფიქსირებული რაოდენობის ფარგლებში) დაწესებულია მხოლოდ ნიორზე 220 ტონის ოდენობით. აღნიშნული რაოდენობის ფარგლებში კალენდარული წლის განმავლობაში, საქართველოში წარმოშობილი ნიორის იმპორტი ევროკავშირში განხორციელდება საბაჟო გადასახადის გარეშე.


საქონლის წარმოშობის წესები


იმისათვის, რომ საქონელმა ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, მან უნდა დააკმაყოფილოს საქონლის წარმოშობის კრიტერიუმები, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი პროტოკოლით (ქართულიინგლისური)

ეს კრიტერიუმები მოიცავს როგორც საქონლის დამუშავების აუცილებელ მინიმალურ პირობებს, ისე საქონლის წარმოებისთვის აუცილებელი მასალის ზღვრულ რაოდენობას, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქონელი ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის სტატუსის მოსაპოვებლად.

პროტოკოლში, არსებობს დათქმა, რაც მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელს გახდის ე.წ. კუმულაციის პრინციპის გამოყენებას საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია საქონელს მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილის სტატუსი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის წარმოებაში გამოყენებულია თურქეთის ტერიტორიაზე წარმოებული მასალები. აღნიშნული საქონელი ევროკავშირში იმპორტისას თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, რაც აამაღლებს საქართველოს მწარმოებლების კონკურენტუნარიანობას. ეს შეთანხმება ასევე ისახავს პერსპექტივას საქართველო მიუერთდეს პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ერთიან წარმოშობის წესების სისტემას, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ნედლეულს ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად.

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©