თავის მოკლე მიმოხილვა

შეთანხმება ადგენს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში იმ საერთაშორისო შეთანხმებების ადექვატური და ეფექტიანი განხორციელების ვალდებულებას, რომლის ხელმომწერებიც არიან საქართველო და ევროკავშირი, რაც მოიცავს ვმო-ს შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS). ამასთან, შეთანხმების მოთხოვნები ავსებს და დამატებით აკონკრეტებს “TRIPS“-ის შეთანხმების მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს. 

მხარეები ასევე განამტკიცებენ მათ ვალდებულებას ეფექტურად განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO/ისმოს) მიერ ადმინისტრირებული საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც საქართველო უკვე მიერთებულია. 

შეთანხმებაში მოცემულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული ის სავალდებულო სტანდარტები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შეთანხმების მუხლებით გათვალისწინებული ინტელექტუალური საკუთრების ყველა კატეგორია, როგორიცაა საავტორო და მომიჯნავე უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები (აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირთან უკვე გაფორმებულია შეთანხმება, რომელიც შესულია ძალაში 2012 წლიდან), დიზაინი, პატენტები, სამედიცინო პროდუქტების და მცენარეთა დაცვის საშულებების ბაზარზე განთავსების ნებართვის მისაღებად წარდგენილი მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმები.

შეთანხმება ასევე არეგულირებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურულ ნორმებს და განსაზღვრავს ამ მიმართულებით სასამართლო ორგანოების უფლებამოსილებებსა და მათ მიერ განსახორციელებელ უზრუნველყოფის ღონისძიებებს.  

შეთანხმება ასევე მოკლედ განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საბაჟო თანამშრომლობას და ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლას. საბაჟო კუთხით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ვალდებულება მოცემულია საბაჟოს თავში და შესაბამის დანართში.

ვალდებულებები
 

  • განსახორციელებელია ცვლილებები ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლებიც ძირითადად შეეხება შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებების მოქმედების ვადების გაზრდას (70 წელი). 
  • განსახორციელებელია ცვლილებები ,,საქართველოს საპატენტო კანონში“, რომლებითაც იმ სამედიცინო პროდუქტებისათვის, რომლებისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით უნდა დადგინდეს დაცვის ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელება; დამატებითი დაცვის მოწმობის გაცემის შესაძლებობა უნდა გავრცელდეს მცენარეთა დაცვის პროდუქტებზეც. 
  • რიგ საკანონმდებლო აქტებში შესატანია ცვლილებები, რომლითაც ჩამოყალიბდება ყოვლისმომცველი სისტემა, რათა გარანტირებული იქნას კონკრეტული ვადების ფარგლებში (6 წელი სამედიცინო პროდუქტებზე, 10 წელი მცენარეთა დაცვის პროდუქტებზე) იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ გამოყენება, რომელიც წარდგენილია სამედიცინო პროდუქტის ბაზარზე განთავსების ნებართვის მიღების მიზნით. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პროდუქტებთან მიმართებაში, მონაცემთა დაცვის ვადა აითვლება ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე (ევროკავშირში ან საქართველოში) წამლის პირველად რეგისტრაციის მომენტიდან. 
  • აღსრულების ნაწილში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამოქალაქო აღსრულების შეთანხმება დეტალურად ადგენს საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა აისახოს შესაბამის კანონმდებლობაში (ან გაკეთდეს სათანადო მითითება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაში).


საქართველო უნდა მიუერთდეს ე.წ. დოჰას დეკლარაციით განსაზღვრულ TRIPS-ის შეთანხმების ცვლილებას.

სარგებელი 

საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რაც გულისხმობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა მფლობელთათვის მაღალი ხარისხის დაცვის უზრუნველყოფას. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის არსებობა შეთანხმებას მხრივ ხელს შეუწყობს ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციას.

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©