განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები

 

კონკურენციის სფეროში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და 2010 წლის 3 დეკემბერს დამტკიცდა კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომცველი სტრატეგია. 

2012 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პაკეტზე. 2014 წლის მარტში ცვლილებები მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. 

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ქვეყანაში კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკის არსებობისათვის საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შემდგომი რეფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ქმედითი ზედამხედველობის განხორციელება და გაიზარდოს საქართველოსა და ევროკავშირის ბაზრების თავსებადობა. 

ცვლილებების მიზანია თავისუფალი კონკურენციისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კონკურენციის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დამოუკიდებელი სტრუქტურის – კონკურენციის სააგენტოს – ჩამოყალიბება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პრემიერ¬მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების ინტერესების დაცვა, კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დროული და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა. 

კანონპროექტის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე ევროპელმა ექსპერტებმა, ასევე აქტიური იყო საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, ბიზნემენთა და სხვადასხვა დაინტერესებულ პირთა ჩართულობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორიმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2015 წლის 20 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ბუდაპეშტში კონკურენციის რეგიონალური ცენტრის (OECD-GVH RCC) მიერ ორგანიზებული კონფერენცია კონკურენციის ორგანოთა ხელმძღვანელებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხდა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და ასევე დასმულ იქნა საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის სასურველი ტრენინგების ჩამონათვალი, როგორც სააგენტოს თანამშრომლებისთვის, ასევე მოსამართლეებისა თუ მედიის წარმომადგენლებისთვის. 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©