თავის მოკლე მიმოხილვა


შეთანხმება მოიცავს, როგორც ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, მხარეებს შორის თავისუფალი ტრანზიტის უზრუნველყოფის ვალდებულებებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ ენერგორესურსებით ვაჭრობა სხვა დანარჩენი სფეროებისგან განსხვავებით, მოიცავს ენერგიის გადაცემას განსაზღვრული გადამცემი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით მიმწოდებლიდან დანიშნულების პუნქტამდე და წარმოადგენს ბუნებრივად მონოპოლიურ საქმიანობას,  თავისუფალი ტრანზიტი მთავარი წინაპირობაა ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

იმ მიზნით, რომ ენერგიის გადაცემის (ტრანზიტი) საქმიანობა იყოს გამჭირვალე და არადისკრიმინაციული და ყველა მსურველს შეეძლოს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, კონკურენციის პირობებში, მოცემული შეთანხმება ავალდებულებს მხარეებს დაიცვან და უზრუნველყონ ენერგოპროდუქტების თავისუფალი გატარება მათ ტერიტორიებზე; მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ტრანზიტის პროცესში ენერგოპროდუქტების ნებისმიერი სახით უკანონო მითვისების შეთანხმებადან აცილების მიზნით; გააძლიერონ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს როლი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული, ბუნებრივად მონოპოლიური, საქმიანობის  რეგულირებას სერვისის განხორციელებისათვის საჭირო გამჭირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის შექმნით. 

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენციას ბაზარზე და შედეგად, მიწოდების უსაფრთხოებას შეთანხმების მხარეთათვის.

 

სარგებელი

საქართველოს გააჩნია ჰიდრორესურსების დიდი პოტენციალი. აღნიშნული რესურსის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია უპირველესად ინვესტიციებისა და ახალი საექსპორტო ბაზრების გახსნა, სადაც შესაძლებელი გახდება საქართველოში წარმოებული  ელექტროენერგიის გაყიდვა და ვაჭრობის განვითარება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ განახორციელა “შავი ზღვის ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის” (თურქეთ-საქართველოს შორის 500/400 კვ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩათვლით) მშენებლობა, რომელიც საშუალებას აძლევს ქვეყანას ჩაერთოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში და ელექტროენერგიით მოამარაგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შედეგად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მხარეებს შორის ენერგორესურსებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დასახული მიზნის განხორციელების კუთხით. გარდა ამისა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ვალდებულებების აღება და შესრულება არის გარანტია ევროპელი ინვესტორებისათვის ჩვენს ბაზარზე საქმიანობის განვითარების თვალსაზრისით, რაც შეთანხმებასთავად ხელს შეუწყობს ინვესტიციების წახალისებას ენერგოსექტორში. 

დამატებით უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან და საიმედო სატრანზიტო ქვეყანას რეგიონში, რომელზეც გადის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენი, „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ გაზსადენი და ა.შ. აღნიშნული პროექტებით  საქართველო წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს კასპიის რეგიონსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის და ამასთან, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა "სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის“ განვითარებაში, რაც, როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიული ინტერესების ნაწილია. 

"ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“ არის კიდევ ერთი სტიმული, რათა ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლოს სხვა ალტერნატიულ პროექტებს და წაახალისოს ინვესტიციები ამ კუთხითაც.
 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©