ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხედვა

სამშენებლო სფეროს განვითარების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ქვეყნის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარების, სამშენებლო საქმიანობისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება.

სივრცითი დაგეგმარების და სამშენებლო საქმიანობის პრიორიტეტებია: დასახლებათა მოწესრიგებული განვითარება, დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, ქვეყნის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების ტერიტორიული წინაპირობების შექმნა, ასევე, სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნება და განვითარება, მშენებლობის მდგრადი და უსაფრთხო წარმოება, შენობა-ნაგებობათა მშენებლობით ან გამოყენებით გამოწვეული შესაძლო საფრთხისაგან დაცვა.

სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური რეგულირების მოწესრიგებისათვის მიმდინარეობს საერთაშორისო სამშენებლო კოდების ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესწავლა, მათი ანალიზი, რაც საშუალებას მოგვცემს, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილების გათვალისწინებითა და მათი საქართველოს პირობებთან ადაპტაციის შემდგომ, შემუშავდეს ეროვნული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები.

დამყარებულია მჭიდრო კონტაქტები და მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა USAID-ის EPI-ს პროექტთან, GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და იუსტიციის რეფორმის პროექტთან, გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის განსახლებისა და მიწის მართვის კომიტეტთან, გაეროს ჰაბიტატის პროგრამასა და მსოფლიო ბანკთან. 

სივრცითი მოწყობა და ქალაქთმშენებლობა

განაშენიანებისა და განსახლების რეგულირების, მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ასევე, არსებული ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების გონივრულად გამოყენების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტებისა და დასახლებების (ქალაქი, სოფელი, დაბა) ტერიტორიული დაგეგმარება. ამ მიმართულებით პრიორიტეტი ენიჭება სარეკრეაციო ტერიტორიებს.

მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების, ქალაქებისა და სხვა დასახლებათა განვითარების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტაციის მომზადება.

დამტკიცდა განკარგულების პროექტები:

„ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“;
„მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“; 
„ბახმაროს განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“; 
„ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“;
„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“;
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის, ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის განვითარებისათვის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“.

მუნიციპალიტეტები გამოირჩევიან ისტორიულ-გეოგრაფიული მნიშვნელობით, შენარჩუნებული, ბუნებრივი ეკოსისტემით, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტებით, მატერიალური და არამატერიალური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით და დაცული ტერიტორიების სისტემით. იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონებს გააჩნიათ მაღალი რეკრეაციული, საკურორტო და ტურისტული პოტენციალი და საერთაშორისო დონის კომპლექსების შექმნის კარგი წინაპირობები, მნიშვნელოვანია არსებობდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვით მოხდება სამომავლოდ ამ ტერიტორიების არა ქაოსური, არამედ გეგმაზომიერი განაშენიანება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ საინვესტიციო მიმზიდველობას და მეტ შესაძლებლობას შექმნის მხარეების კულტურულ-ისტორიული ღირებულების შესანარჩუნებლად.  

სამშენებლო საქმიანობა

სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფისათვის შემუშავდა „სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასა და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ერთიანი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების საფუძველზე. „კოდექსი“ დაარეგულირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სივრცით დაგეგმარებასთან, სამშენებლო საქმიანობასთან და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. „კოდექსის“ პროექტი უახლოეს მომავალში განსახილველად წარედგენება  საქართველოს მთავრობას;

სამშენებლო საქმიანობის ტექნიკური რეგულირების სრულყოფისათვის  სამინისტროსა  და USAID-ის EPI-ს პროექტის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა „საერთაშორისო სამშენებლო კოდი (IBC)“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტის სახით - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“.

სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ახორციელებს „ევროკოდების“ (ევროპული სამშენებლო სტანდარტების ერთიანი სისტემა) თარგმნას. ითარგმნა ევროკოდი 0 - „კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები“, ევროკოდი 1 - „ზემოქმედებები კონსტრუქციებზე“, ევროკოდი 2 - „ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება“, ევროკოდი 7 - „გეოტექნიკური დაპროექტება“, ევროკოდი 8 - „სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება“. მიმდინარეობს ევროკოდ 3-ის თარგმნა („ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება“). 

შენობების ენერგოეფექტურობა

სამინისტრო მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობას შენობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დახმარებით ხორციელდება საცხოვრისი სექტორის შეფასება, ენერგოეფექტურობის გაზრდისა და დანერგვის მიზნით. პროექტი ითვალისწინებს საცხოვრისის პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, მისი ზოგადი მიზანია სამშენებლო სექტორის დეტალური ანალიზი, საკანონმდებლო-ინსტიტუციური გარემოს ჩათვლით, ასევე იმ ხარვეზებისა და ნაკლოვანებების გამოვლენა, რომლებიც შენობების ენერგოეფექტურობის შემაფერხებელ ფაქტორებად მოიაზრება. პროექტის ფარგლებში გაანალიზდა საცხოვრისი სექტორის მდგომარეობა. პროექტი შედგება 2 ფაზისგან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ამჟამად რედაქტირებას უწევს პირველი ფაზით გათვალისწინებულ საცხოვრისი სექტორის ანალიზს, რომელზედაც მუშაობა თითქმის დასრულებულია. შემუშავებულია ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©