მდგრადი განვითარება

მდგრადი განვითარება არის საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა 1995 წელს ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

ბიოლოგიური რესურსების ისეთი გზით და სისწრაფით გამოყენება, რომელიც მომავალში არ გამოიწვევს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირებას და მას მომავალი თაობები საჭიროებების გათვალისწინებით შეინარჩუნებს.

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამ გაერთიანებაში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში; ამასთან, ევროკავშირი თავისი წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ინსტიტუციონალურ სტაბილურობაში; ასოცირების შეთანხმების 301-ე პარაგრაფი აცხადებს, რომ მხარეები თავიანთ ურთიერთობებს ააგებენ და გააძლიერებენ, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია აცხადებს, რომ

  • საქართველოს მთავრობის მიზანია იმგვარი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას.
  • სახელმწიფო წაახალისებს გარემოსდაცვითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას.
  • ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, მთავრობა წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რომელიც ორიენტირებული იქნება ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე - განსაკუთრებით ეს შეეხება, გარემოსდაცვითი და რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებს, რაც წაახალისებს „მწვანე“ ეკონომიკის განვითარებას.

ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისათვის

გადაწყვეტილება მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების პროცესის დაწყების შესახებ მიღებული იქნა გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, გაეროს კონფერენციაზე მდგრადი განვითარების შესახებ (რიო +20), რომელიც 2012 წელს რიო დე ჟანეიროში ჩატარდა.

2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

ახალი მიზნები ორიენტირებულნი არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა. 

მდგრადი განვითარების მიზნები და ამოცანები გლობალური ბუნების და უნივერსალური გამოყენებისანი არიან, რადგან ითვალისწინებენ განსხვავებულ ეროვნულ თვისებებს, შესაძლებლობებს და განვითარების დონეს და პატივს სცემენ ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს. ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებელნი არ არიან - მათი განხორციელება ინტეგრირებულად უნდა მოხდეს. 

მდგრადი განვითარების მიზნები არის უპრეცენდენტო შეთანხმება მდგრადი განვითარების შესახებ 193 წევრ ქვეყანას შორის. მიზნებმა მიიღებეს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, პარლამენტარების და სხვა ადამიანების მხარდაჭერა. 

მდგრადი განვითარების მიზანი

  • სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა
  • შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 
  • ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნვლეყოფა ყველა ასაკის ადამიანისათვის.
  • ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
  • გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება 
  • წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა
  • ხელმისაწვდომი, საიმედო, სტაბილური და თანამედროვე ენერგიის  საყოველთაო ხელმისაწვდომობა.
  • სტაბილური, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, სრული და პროდუქტული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველასათვის
  • მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, ინკლუზიური და განვითარებული ინდუსტრიალიზაციისა და  ინოვაციების ხელშეწყობა.
  • უთანასწორობის შემცირება ქვეყნებში და ქვეყნებს შორის. 
  • ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.
  • მდგრადი მოხმარება და წარმოება.
  • კლიმატის ცვლილებისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ  გადაუდებელი ზომების გატარება
  • ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის
  • დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
  • მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა მდგრადი განვითარებისათვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე.
  • პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©