ნათია თურნავამ კომპანია DP World-თან საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალი განიხილა
29-12-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დუბაიში მიმდინარე ექსპო 2020-ის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა კომპანია DP World-თან, რომელიც ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მუშაობს. ნათია თურნავას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ლოგისტიკური განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოტენციალს და ამასთანავე, კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

„DP World - ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სატერმინალო-საპორტო მომსახურების, ტვირთების გადაზიდვის და ლოგისტიკის კუთხით. ჩვენ მათ გავაცანით, თუ რა განვითარებაა საქართველოში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით და ასევე ვესაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. DP World-მა ძალიან კარგად იცის ჩვენი შავი ზღვისპირეთი, იცის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია რეგიონში, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი დერეფნის შემადგენელ ნაწილს, როგორც ლოგისტიკურ პლატფორმას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან შეხვედრისას ინტერესი გამოთქვეს, რომ დეტალურად გაეცნონ ანაკლიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევას,  რომლის მიხედვითაც  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კვალავაც ინარჩუნებს მაღალ ბიზნეს-მიმზიდველობას. 

DP World მაღალი რეპუტაციის გლობალური, საკონტეინერო-სატერმინალო ოპერატორი კომპანიაა. ის მსოფლიოს 40 ქვეყანაში მართავს 82 საზღვაო ტერმინალს, რომლებიც წელიწადში საშუალოდ 70 მილიონამდე კონტეინერს ამუშავებენ. კომპანია ასევე ახორციელებს ლოგისტიკური და საზღვაო სერვისების მიწოდებას და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ოპერირებას.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©