გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
14-01-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ბათუმის პორტში მულტიმოდალური ტერმინალის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება ბათუმში გაიმართა და მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ამერიკული კომპანია Trammo გახდება “Wondernet Express Investment Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი. 

გიორგი ქობულიას თქმით, პროექტს ძალიან დიდი შედეგიანობა ექნება როგორც ბათუმის პორტისთვის და აჭარისთვის, ასევე საქართველოს რკინიგზისთვისაც, რომელიც ამ ტვირთებს გადაზიდავს: „ეს არის ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტი და, რა თქმა უნდა, აჭარის გარდა მთელი საქართველოს მასშტაბითაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიგვაჩნია, რომ ესეთი ტიპის პროექტები უფრო მეტ საფუძველს შექმნის და მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს სხვა ქვეყნებიდან, რომ ანალოგიური ინვესტიციები განახორციელონ“.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა საქართველოში მსხვილი ამერიკული ინვესტიციის განხორციელება და აღნიშნა, რომ პროექტი, რომლის განხორციელებასაც აღნიშნული ინვესტიცია ემსახურება, საქართველოში დამატებით სატრანზიტო ტვირთებს მოიზიდავს. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს რკინიგზის დატვირთვას და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის არა მხოლოდ ბათუმსა და აჭარაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც ბათუმის პორტში ახალი მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია, ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს. „ბათუმის შემთხვევაში საქმე გვაქვს მაღალტექნოლოგიური ტერმინალის მშენებლობასთან, რომელიც იქნება დახურული ციკლით მომუშავე საწარმო. აღნიშნული პროექტი, პირიქით, ხელს შეუწყობს ბათუმის პორტის ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლებას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით. ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.

ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express, რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში. 

კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან - ესენია საქართველოს რკინიგზა, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად. ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა.

კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©