კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ გიორგი ქობულიას მოხსენებით დაიხურა
30-01-2019

29 – 30 იანვარს თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. 

კონფერენციის მეორე დღეს, 30 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ორი პანელის მუშაობაში. „გახდება თუ არა საქართველო ანტრეპრენერული ქვეყანა? მეწარმეობისა და ინოვაციების როლი ეკონომიკურ ზრდაში“ პანელზე გამოსვლისას, გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა იმ სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით. მინისტრმა ასევე ისაუბრა გადამზადების პროგრამაზე, რომელიც მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება და ბიზნესს კვალიფიციური მუშახელით უზრუნველყოფს. 

გიორგი ქობულიამ თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საკრედიტო - საგარანტიო სქემაზე, რომელიც 2019 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება. ის ითვალისწინებს  ბანკთან მთავრობის თავდებობას იმ ბიზნესებისთვის, ვისაც ბანკში ჩასადები ქონება არ აქვთ. 2019 წელს ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყო.  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მექანიზმს ექნება პრიორიტეტული მიმართულება სპეციალურად ქალბატონებისთვის და ახალგაზრდებისთვის. „აღნიშნული სქემის ამოქმედების შემდეგ, ვფიქრობთ, გაიზრდება ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომელთაც ქალბატონები და ახალი თაობის მეწარმეები განავითარებენ“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“. საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება გარანტიით უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სესხის 70%-მდე, სქემის ფარგლებში გაცემული გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების მთლიანი პორტფელის 10%-ის ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე გააკეთა პრეზენტაცია ტურიზმის სექტორზე, მან ისაუბრa როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროგრამებზე აღნიშნულ სექტორში, ასევე სამომავლო სტრატეგიაზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტურისტული მომსახურების ხარისხის ზრდას.

კონფერენციაზე ასევე მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, რომელმაც ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და დარგის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©