ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ახალი ავიამიმართულება დაემატა
01-02-2019

31 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ხელი მოეწერა "Wizz air“–თან ხელშეკრულებას ახალ ფრენებთან დაკავშირებით. ხელშკრულება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას „Wizz air“ შორის გაფორმდა. 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას "Wizz air"-ის მესამე ბაზირებული, AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ავიარეისებიდან გამომდინარე გაიზრდება იმ ქვეყნების გეოგრაფია, საიდანაც საქართველოში ტურისტები შემოდიან. „ეს სიახლე ჩვენ მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც ჩამოდიან მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტები, რაც ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია“  - განაცხადა გიორგი ქობულიამ. 

საქართველოს მხარესთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, „Wizz air"–მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, მესამე თვითმფრინავი და 6 ახალი მიმართულება დაამატა. შეიქმნება 30–ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოში ოპერირება უნგრულმა ავიაკომპანიამ 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250–ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©