მაია ზავრაშვილი: წიაღის სექტორში ძირეული რეფორმა ხორციელდება
15-02-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საჯარო დისკუსია გაიმართა,  სადაც წიაღის სექტორის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს. 

როგორც წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა აღნიშნა, მართვის სისტემური გაჯანსაღების მიზნით მიმდინარეობს ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, რომ ქვეყანაში სასაქონლო პროდუქტებით შეიქმნას დამატებითი ღირებულება. 

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის რეფორმა, რომლის პირველი ფაზის ფარგლებში საკონსულტაციო ჯგუფ ‘Adam Smith International’-ის მიერ შემუშავდა პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მიმდინარეობს პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის, აგრეთვე, საჯარო დისკუსიის გამართვა  დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით“ - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.

საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე  აქტიური დისკუსია  გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებზე სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, რომელიც შემდგომში აისახება პოლიტიკისა და სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტში.

წიაღის სექტორის რეფორმის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული კონსულტაციების გათვალისწინებით, წიაღის სექტორის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©