გიორგი ქობულია კორეის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრს შეხვდა
12-03-2019

საქართველო და კორეის რესპუბლიკა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც კორეული მხარე ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ხოლო ადგილობრივ სტარტაპერებს კორეაში მიიწვევს, სადაც მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ, - აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების მინისტრი ჰონგ ჯონგ-ჰაკი. შეხვედრა გიორგი ქობულიას კორეაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე კორეის მხარემ დეტალურად ისაუბრა იმ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ისინი კორეული მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერის კუთხით იყენებენ, რაც ადგილობრივ დამწყებ მეწარმეებს განვითარებისა და ახალი პარტნიორების მოძიებაში ეხმარება. 

აღინიშნა, რომ კორეული მხარის გამოცდილება ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით საინტერესო საქართველოსთვის. ამიტომ, მინისტრებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ გაფორმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სტარტაპების სამინისტროს შორის. 

„კორეა მცირე და საშუალო საწარმოებისა და სტარტაპების მხარდაჭერაში დაგვეხმარება. მემორანდუმის თანახმად, კორეული მხარე გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ კოლეგებს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური პროგრამები ქართველი მცირე მეწარმეებისთვის, რომლის საფუძველზეც ისინი კორეაში გაემგზავრებიან და საკუთარი დამწყები ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ქობულიამ კორეელი კოლეგა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©