ეკონომიკის სამინისტროსა და „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა
19-03-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მოლაპარაკებები სამინისტროსა და "ნამახვანი ჰესი"-ს ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ტექსტი მთავრობამ სხდომაზე უნდა განიხილოს, რომლის შემდეგაც მოხდება მასზე ხელმოწერა და სამშენებლო სამუშაოების დაწყება.   

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ  „ნამახვანი ჰესის“ ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გააკეთა. 

„ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „ნამახვან ჰესის“ ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი და ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. 

„ნამახვანი ჰესების კასკადი“ იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 15 პროცენტით გაიზრდება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდება.  

„ნამახვანის ჰესების კასკადი“ მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის განვითარებას და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ   ნამახვანი ჰესების პროექტი პასუხობს ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებს, რაც საქართველოს მთავრობის პრინციპული პოზიციისა და ინვესტორის კონსტრუქციული მიდგომის შედეგია.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©