გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა
22-03-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“  დაათვალიერა. მინისტრთან ერთად სასწავლებელში საქართველოს  სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და კოლეჯის პარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეკონომიკის მინისტრი „სპექტრის“ სასწავლო გარემოსა და იქ არსებულ სახელოსნო - ლაბორატორიების ფუნქციონირებას გაეცნო.

„ეს არის ზუსტად ისეთი ტიპის სასწავლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია  ჩვენი პროფესიული გადამზადების სტრატეგიასთან და პროგრამასთან. სასწავლებელს აქვს  1200 კაცამდე ერთდროულად მომზადების  შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრიკოსების, შემდუღებლების, დურგლებისა და სხვა პროფესიებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი გაფართოებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის სურვილი“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, სასწავლებლის მენეჯმენტთან ერთად განხილული იყო კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს შენობის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და გაფართოებისთვის. „ვიმსჯელეთ, რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ  უზრუნველვყოთ ეს დაწესებულება შესაბამისი მოწყობილობებით. სასწავლებლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღჭურვის საჭიროებების შესახებ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ასეთი ცენტრის ნახვა და როგორც მთავრობა, ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ინიციატივებს“ - აღნიშნა ქობულიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ვიზიტი, იგი გაეცნო კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი მიმართულებები განვავითაროთ, მაგალითად, ავეჯის წარმოება და სადურგლო მიმართულება. ეკონომიკის მინისტრი გვპირდება თანადგომას ახალი პროექტების განხორციელებაში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული და გვქონდეს მეტად განვითარებული ეკონომიკა“ - განაცხადა „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს კოლეჯ „სპექტრისა“ და შპს „სანდოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავ პროფესიული განათლების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის უზრუნველყოფას კვალიფიციური, პროფესიული კადრებით.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©