აკაკი საღირაშვილმა საქართველოს საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვის ხელშეწყობის სემინარი გახსნა
25-03-2019

საზღვაო დარგის მრავალფუნქციონალური მიდგომების განვითარებისა და ქართულ საბანკო სექტორში საზღვაო ფინანსების შესახებ სპეციფიკური ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, სემინარი გაიმართა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გახსნა სემინარი და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის საზღვაო სფეროში არსებული სერვისების განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ დარგის ზოგიერთ სეგმენტში, არსებობს მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული სასწავლებლის- CASS-ის ბიზნეს სკოლის პროფესორი ნიკოს ნომიკოსი, რათა გაგვიზიაროს თავისი ცოდნა საზღვაო ფინანსირების მიმართულებაში. ჩვენი მიზანია მივიღოთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს პორტებში ახალი სერვისების დანერგვის პროცესს,“ - განაცხადა აკაკი საღირაშვილმა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა სემინარში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან ერთად მუშაობს საზღვაო სტრატეგიაზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც სწორედ საზღვაო ფინანსირებაა. „ვფიქრობთ, რომ ბანკებისთვის ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული მოდელის გაცნობა. საზღვაო ინდუსტრია დღეს საკმაოდ სწრაფად ვითარდება  საქართველოში და მთავრობის მიერ დაგეგმილ სხვა რეფორმებთან ერთად ქართული ბანკების დაინტერესება საზღვაო ფინანსირებით,  კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ პროცესს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა. 

სემინარზე აღინიშნა, რომ საქართველოში საზღვაო ფინანსირება აუთვისებელ სეგმენტს წარმოადგენს და მიზანშეწონილია მისი განვითარება, რადგან აღნიშნული მიმართულების განვითარება ქვეყნისათვის ინვესტიციებისა და უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროდ იქცევა და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.

საზღვაო ფინანსები არის საბანკო სექტორში შემავალი, კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების მქონე მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო ინვესტიციების მოზიდვას.  ეს არის მსოფლიოში მრავალი წლის მანძილზე აპრობირებული მეთოდი, რომელსაც წამყვანი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ საზღვაო ინვესტიციების დასაფინანსებლად. საზღვაო ფინანსები სრულიად განსხვავდება ტრადიციული ფინანსებისგან და ამავდროულად მიიჩნევა ერთ-ერთ მაღალშემოსავლიან ბიზნესად. 

სემინარზე დეტალურად განიხილება ისეთ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მსოფლიო ეკონომიკაში საზღვაო ინდუსტრიის როლი, მოთხოვნა-მიწოდების ანალიზი, საზღვაო ციკლებისა და ინდიკატორების გავლენა, საზღვაო სესხის სტრუქტურა და ანალიზი, პორტფოლიოს მართვა და სხვა მასთან დაკავშირებულ თემები და გემების ფინანსირების პირობების ნიმუშები. 

სემინარს დაესწრნენ საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მასში ასევე მონაწილეობენ საზღვაო ფინანსებისა და ინვესტიციების საერთაშორისო დონის ექსპერტები: City University London-ის CASS-ის ბიზნეს სკოლის საზღვაო რისკების მართვის პროფესორი ნიკოს ნომიკოსის, ჰოლანდიური კომპანიის Zuyderzee Capital-ის მმართველი პარტნიორები ტიჯს სლავენბურგი და ჰენკ დიტეილორი.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©