გიორგი ქობულია ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
04-04-2019

„ბულგარეთი მნიშვნელოვანი კარიბჭეა ჩვენთვის ევროპაში და გვინდა, გავაღრმავოთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორი ამ ქვეყანასთან. ეს ეხება როგორც საბარჟო, ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, საკონტეინეროს გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბულგარეთის ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრთან როსენ ჟელიაზკოვთან შეხვედრის შემდეგ. 

ტრასეკა, „სარტყელისა და გზის“ შუა კორიდორი, ლაპის ლაზული, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო მარშრუტი - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ საერთაშორისო სატრანსპორტო გზების მარშრუტებისა, რომლებიც საქართველოს ან უკვე გადის, ან სამომავლოდ გაივლის და თავის წვლილს შეიტანს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში. აღნიშნულ პროექტებში თანამშრომლობის გაძლიერება იყო გიორგი ქობულიასა და როსენ ჟელიაზკოვის შეხვედრის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი. 

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ბულგარელ კოლეგას იმ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება ან სამომავლოდ არის დაგეგმილი. 

საუბარი ასევე შეეხო პროექტებს, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოს არსებული პორტების გაფართოების მიმართულებით, ყურადღება გამახვილდა აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომელიც გახდება მთავარი საზღვაო კარიბჭე და შეძლებს პანამაქსისა და პოსტ-პანამაქსის გემების მომსახურებას. 

გიორგი ქობულიას მიერ ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული საბორნე კავშირების შემდგომი განვითარება. მინისტრის განცხადებით ქართული მხარე გეგმავს შავ ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო ფიდერული გადაზიდვების მიზნით კვლევების განხორციელებას და ბულგარეთის მხარეს კვლევების ფარგლებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და ტურიზმის განვითარების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილდა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. 

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ციფრული ჰაბის ფორმირების საკითხებზე, აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა, საჭიროა ფიქრი არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალი მაგისტრალების ფორმირების თაობაზე, ამავე დროს აღნიშნეს მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირების მნიშვნელობა. ამავე დროს მხარეებმა მიმოიხილეს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ლოკალურ დონეზე და ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობა. მხარეებს შორის საუბარი შეეხო ასევე მობილურ ქსელებში 5G ფართოზოლოვანი სერვისების განვითარებას. 

შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ თავისი ბულგარელი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბულგარეთში თამარ ლილუაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი. 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©