გიორგი ქობულია ტურიზმის 2019 წლის პირველი კვარტლის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო
11-04-2019

„ჩვენ დავიწყეთ ახალი ინსტრუმენტის გამოყენება - ეს არის ტურიზმის მაჩვენებლების კვარტალური შეჯამება, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამჭვირვალე ფორმატში ინდუსტრიის ძირითად მონაწილეებთან ერთად ვიმსჯელოთ, რა იყო  შედეგი, როგორ დავსახოთ და დავაკორექტიროთ გეგმები, ასევე მივიღოთ  რჩევა კერძო სექტორისგან, რომლებიც ტურიზმის სფეროში საქმიანობენ“ - ამის შესახებ გიორგი ქობულიამ სასტუმრო „შერატონში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, სადაც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად კვარტალური შეჯამების ფორმატში წარმოადგინა 2019 წლის პირველი სამი თვის შედეგები.

გიორგი ქობულიას თქმით, ტურიზმის საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან. „ჩვენი სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა, რომლებიც, მათ შორის, მოდიან ისეთი განვითარებული და მდიდარი ქვეყნებიდან, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფოები. ეს ზრდა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ეს აბსოლუტური ციფრები კიდევ გავზარდოთ“ - აღნიშნა მინისტრმა. მისი განცხადებით, ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს აქვს ძალიან კონკრეტული სტრატეგია, რომელიც, მათ შორის, მოიცავს პირდაპირი რეისების განვითარებას, სარეკლამო კამპანიას, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას,  საგანმანათლებლო სისტემას, ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ. „ამიტომ ვთვლი, რომ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ვდგავართ ძალიან კარგ ტრაექტორიაზე და ამის თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც დღევანდელი შეხვედრა და პირველი კვარტლის მაჩვენებელების შეფასება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების სტრუქტურა უმჯობესდება და იზრდება ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტების წილი.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორები (საშუალო დანახარჯი 2,342) ხარჯავენ მეზობელ ქვეყნების ვიზიტორებზე (საშუალო დანახარჯი 782) უფრო მეტს, საჰაერო გზით (საშუალო დანახარჯი 2,308) შემოსული ვიზიტორების ბიუჯეტი, როგორც წესი, აღემატება სხვა საზღვრის ტიპით მოსარგებელე (საშუალო დანახარჯი 660 ლარი) ვიზიტორების ბიუჯეტს, ტურისტული ვიზიტი (საშუალო დანახარჯი 1,512) კი მოიცავს ღამისთევას, რაც იმის წინაპირობაა, რომ ვიზიტორი ქვეყანაში უფრო მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე ერთდღიანი ვიზიტორი (საშუალო დანახარჯი 296).

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობას, 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ეს ციფრი 1,617,548 შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +2,2%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ მარტის თვე  ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტებისთვის რეკორდული გამოდგა. 

ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა +29.7%-ით, ხოლო წილმა მთლიანად საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობაში 4,4% (წინა წელს ეს მაჩვენებელი 3,4% იყო). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:  ლატვია (+84.5%), სლოვაკეთი (+81.8%), პოლონეთი (+79.1%), ჩეხეთი (+66.8%) ლიტვა (+43.3%), გერმანია (+30.8%).

აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან 3,2 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 518 მილიონ აშშ დოლარია. 2018 წელს ასევე გაიზარდა ტურიზმის დამატებული ღირებულება და ამ ციფრმა 2,7 მლრდ ლარი შეადგინა (+21,5%). 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©