ნათია თურნავამ კონფერენციაზე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე მოხსენება გააკეთა
17-04-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გააკეთა ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ბანკისა და სააგენტო „GALT&TAGGART“-ის ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კონფერენციის მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. 

„საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, როდესაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. დერეგულირება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს სიახლეებისადმი შეგუებისა და ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დავეხმარებით ყველა მომხმარებელს, რათა მათ გადალახონ პირველი ეტაპის დროს წარმოქმნილი გამოწვევები,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მისი თქმით, დერეგულირება მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია განახორციელონ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული კერძო ინვესტორებისთვის, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის მეტი მოცულობის გაყიდვის იმედად ინვესტირება განახორციელონ საქართველოს გენერაციის ობიექტებში და საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროების განვითარებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

ნათია თურნავას განცხადებით, ბაზრის დერეგულირება მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მიმართ, რომლებიც რეგულირებად სექტორში რჩებიან. 

„ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არცერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენს შორის დიალოგი მუდმივად იქნება“ -  განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ. 

ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაიმართა ორი პანელ-დისკუსია. განხილული იყო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე და განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი მოსალოდნელი გავლენა საინვესტიციო გარემოზე. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©