მსხვილ ენერგეტიკულ კომპანია KHNP-სთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
22-04-2019

ცნობილმა სამხრეთკორეულმა კომპანია KHNP-მა (Korea Hydro&Nuclear Power Co) საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების შესწავლა დაიწყო. ქართულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის შესაბამისი მემორანდუმი დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ და კომპანიის პრეზიდენტმა ჯაე ჰუნ ჩანგმა მოაწერეს ხელი.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ და განიხილონ ინვესტირების შესაძლებლობები როგორც ჰიდროსადგურების, ასევე განახლებადი ენერგიების სხვა პროექტების კუთხით. 

შეხვედრაზე, რომელსაც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძე უძღვებოდა, კორეული კომპანიის წარმომადგენლებს გააცნეს საქართველოს ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია, რომელიც, მრავალ მიმართულებას შორის ითვალისწინებს როგორც ჰესების მშენებლობას, ასევე ქვეყნის განახლებადი ენერგიების არსებული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. კორეულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქვთ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების განხორციელების დიდი ინტერესი, მათ შორის, განიხილავენ „ცხენისწყლის კასკადის“ პროექტში თანამონაწილეობის საკითხსაც.

KHNP სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის მთლიანი ელექტრომომარაგების 30 პროცენტს უზრუნველყოფს. მის მართვაში არსებული ენერგოგენერაციის ობიექტების დადგმული სიმძლავრე ჯამში 26 000 მეგავატს შეადგენს. კომპანია აქტიურად მუშაობს ახალი ტექნოლოგიების საშუალებით მცირე ჰესების, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების  შექმნასა და განვითარებაზე.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©