ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში გაზიფიცირების სამუშაოებს გაეცნო
13-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამეგრელოში გაზიფიკაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქტომბერს ესტუმრა და მოსახლეობას გაზიფიცირების სამუშაოების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა. მინისტრმა ადგილობრივებს გაზიფიცირების 3-წლიანი სამთავრობო  გეგმის დეტალები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად გააცნო. 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, გასული წლის შემოდგომაზე, გაზიფიცირების წინა ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით სამეგრელოს ვიზიტისას მოსახლეობას რეგიონის სრულ გაზიფიცირებას დაპირდა, რაც წარმატებით შესრულდება. ნათია თურნავას ინფორმაციით, გაზიფიცირების ამ ეტაპის შემდეგ სამეგრელოს 75 სოფელი თუ დასახლებული პუნქტი მიიღებს ბუნებრივ აირს. „მოსახლეობას დავპირდით, რომ გამოტოვებული, დარჩენილი სოფლები, ახალი დასახლებული პუნქტები, ისეთები, სადაც ისტორიულად არ ყოფილა გაზი - ყველას მოვიცავთ. ახლა ვასრულებთ ამ დანაპირებს. 3-წლიან პერსპექტივაში დაგეგმილი გვაქვს გაზის შეყვანა საქართველოს მასშტაბით 226 სოფელსა თუ დასახლებულ პუნქტში, აქედან 75 სამეგრელოს რეგიონს ეკუთვნის. მათ შორის, ისტორიულად არასოდეს ყოფილა გაზი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, წელს, სულ ორიოდე თვეში ვიწყებთ მკვებავი მილსადენების შეყვანას ამ მიმართულებითაც“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, რეგიონების გაზიფიცირება სიღარიბის დაძლევის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „რამდენიც საჭიროა, იმდენს გავაკეთებთ, ყველა ოჯახამდე მივიყვანთ გაზს!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©