ნათია თურნავამ „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019"-ში მიიღო მონაწილეობა
30-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წინანდალში „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - კახეთი 2019"-ში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმში საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ორიენტირებულია გლობალურ ტენდენციებზე, მაგრამ, ამავდროულად, მეტად იქნება გამოკვეთილი ჩვენი რეგიონების სიმდიდრე, მათი პოტენციალი და კონკრეტული რეგიონებისთვის მეტი პროექტების პორტფელები, რომლებიც კიდევ უფრო იქნება მორგებული მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე.

„ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი ადამიანი ჩავრთოთ კონკრეტული პროექტიდან მიღებული სიკეთეების შექმნასა და გადანაწილებაში, გავზარდოთ დასაქმება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ წარმოებას. ამ თვალსაზრისით კახეთი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. აქ შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი დარგი, რომელიც არ უნდა დავასახელოთ, თუმცა, არის კონკრეტული დარგები, სადაც უკვე დაწყებულია ახალი პროექტები და ჩვენგან ჭირდებათ მცირედი ხელშეწყობა მეტი განვითარებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ ფორუმზე ვრცლად ისაუბრა კახეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დიდ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია წიაღისეულის მოპოვების დარგს. „კახეთი მდიდარია წიაღისეულით. მისი ტერიტორია ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მცირედით არის შესწავლილი - სულ 1,5 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, კახეთში დიდი მარაგები არსებობს მინერალური რესურსების მიმართულებით“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობა კახეთში წიაღისეულის მოპოვების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს - მიმდინარეობს საინვესტიციო წინადადებების დაპაკეტება და მოხდება მათი ინვესტორებისთვის შეთავაზება.

„ჩვენ ყოველთვის გამოკვეთილი გვაქვს პრიორიტეტი - წავახალისოთ ჩვენი ექსპორტი და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რადგან ექსპორტი იზრდება და, სხვათაშორის, ლარის სიმყარეც ამაზეა დიდწილად დამოკიდებული. მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება უკვე შემდეგი გამოწვევაა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ“ - განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავას ინფორმაციით, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების მიზნით მთავრობა მოქმედების ორ სცენარს განიხილავს, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებში იმპორტის ჩანაცვლების კომპონენტის დამატებას. „ვფიქრობთ, ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში, როგორც ექსპორტის წახალისების კომპონენტია და ეს პირველ რიგში გამოიკვეთება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ექსპორტის ხელშეწყობაზე და ვფიქრობთ, ანალოგიური მიდგომა უკვე წელს იმპორტის ჩანაცვლებაზეც გავავრცელოთ“ - აღნიშნა მინისტრმა.  მისი თქმით, მოხდება პროგრამის პორტფელის გადახალისება - იმპორტის ჩამნაცვლებელმა კომპანიებმა იგივე ბენეფიტებით და დახმარებით რომ ისარგებლონ, როგორც ექსპორტიორებმა. 

შემდეგი მიმართულება, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვაა. „მეორე, უფრო გლობალური მიმართულება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ტარდება, არის შიდა ბაზარზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვა და მხარდაჭერა ვაჭრობის სამართლიანი წესების განმტკიცების მიმართულებით“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ამ მიზნით მთავრობა ბიზნესთან ერთად ჩართულია ანტიდემპინგური კანონმდებლობის აქტიურ განხილვაში. 

როგორც ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდეს ტენდერი 30-დან 50-მეგავატზე ახალ, მზის ელექტროსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე სწორედ კახეთის რეგიონში. 

„მზის ელექტროგენერაციის თვალსაზრისით კახეთი მართლაც გამორჩეულია თავისი ბუნებრივი პირობებით, რადგან მზის ენერგიასთან ერთად აქ არსებობს თავისუფალი მიწის ფართობები და ჩვენი პროექტი გვიჩვენებს, რომ კახეთი ზუსტად არის მორგებული ამ სფეროს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

„განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაში კახეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა თქვას. პირველად სწორედ აქ ჩაეყრება საფუძველი  შედარებით ახალ სფეროს - ეს არის მზის ენერგეტიკა. საგარეჯოს რაიონში, უდაბნოში ჩვენ პირველად ვავითარებთ ხუთმეგავატიან მზის სადგურს  და ეს პროექტი ძალიან მალე გახდება ოპერატიული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 
 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©