გენადი არველაძემ „ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა
07-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა აღნიშნული სააგენტოს ახალი პროექტი “ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა“ ოფიციალურად გახსნეს. პროგრამა 5 წლიანია, მისი ბიუჯეტი 17,8 მლნ აშშ დოლარია. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოს მოსახლეობის შემოსავლები ინვესტიციების მოზიდვით, სამუშაო ადგილების შექმნით და ეკონომიკურ ღირებულებათა ჯაჭვში მათი ჩართვით.

მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დადებითად შეაფასა აშშ-ის მთავრობისა და უშუალოდ USAID-ის წვლილი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მისი განცხადებით, აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტები თანხვედრაშია და სრულად პასუხობს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგრამის პრიორიტეტებს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, მხარს დაუჭერს ინოვაციებზე დამყარებულ მეწარმეობას და სხვ. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს როგორც საგრანტო კომპონენტს, ასევე ტექნიკურ დახმარებას, რაც განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.  

„გვჯერა, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას დიდი გავლენა ექნება საქართველოს მოქალაქეებსა და ინსტიტუციებზე ეკონომიკური განვითარების  და თვით-უზრუნველყოფის ხელშეწყობის გაძლიერებით,” - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ახალი პროგრამის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა მექანიზმები შერჩეულ ეკონომიკურ სექტორებში ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შექმნელად, მათ შორის გამოიყოფა გრანტები და კერძო სექტორის ჩართულობის გასაზრდელად მოხდება მიზნობრივი საპარტნიორო პროგრამის ამოქმედება.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის გავლით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©