ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
24-06-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდა.

„რასაკვირველია, არსებული გამოწვევების ფონზე კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, ჩვენ მზად ვართ და აღვუთქვით  გვერდში დგომა, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე. ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტუროპერატორებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რომ ეს სეგმენტი არ დაიკარგოს, რადგან მათთვის ეს მიმზიდველი და მომგებიანია. 

„საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს - ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე განცხადებით, ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25 პროცენტს ჩვენს ბაზარზე და ეს არის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. 

„ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია. ჩვენ ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ“ - განაცხადა ნათია თურნავამ.




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©