ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო პანელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები
11-07-2019

„ჩვენი მთავრობის ძირითადი ხედვა და მიზანია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფა“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმზე - ნათია თურნავა მონაწილეობს პანელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პანელის მონაწილეებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და მთავარი პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ეკონომიკა მთლიანად ეყრდნობა ღიაობასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ასევე სტაბილური და პროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნებასა და ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ სწრაფვას. „საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი ბაზრის პრინციპს ეფუძნება და პრიორიტეტად კერძო სექტორის განვითარებასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას მიიჩნევს. მაკროეკონომიკური სტაბილურობის პარალელურად, ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია ძლიერი ინსტიტუციები, რაც, ასევე, აძლიერებს ჩვენი ქვეყნისადმი ნდობას“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს სტრუქტურული რეფორმებისა და DCFTA-ს ფარგლებში რეფორმის დღის წესრიგი. „საქართველოს ეკონომიკამ, მიუხედავად 2014-16 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკებისა, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 3.5%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც  ბევრი ჩვენი მეზობელი ახლოს იყო რეცესიასთან“ - აღნიშნა მათია თურნავამ.  

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში ასევე აქცენტი გააკეთა ფისკალურ პოლიტიკაზე - მისი ინფორმაციით, ფისკალური პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებულია ზრდაზე, რაც გულისხმობს კაპიტალური ხარჯების გაზრდას - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას. „ეს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, კერძო ინვესტიციების პარალელურად, რომელსაც მაქსიმალურად უწყობს ხელს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახებას აერთაშორისო ინვესტიციებზე. Moody's Investors Service-მა საქართველოს სარეიტინგო მაჩვნებელი Ba3-იდან  Ba2-ამდე გააუმჯობესა. 2019-ის თებერვალში, Fitch-მა კი საქართველოს შეფასება "BB"'-იდან "BB"-ამდე გააუმჯობესა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და ასევე ყურადღება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წამყვან პოზიციებზე გაამახვილა. 

„საქართველო, 3,7 მილიონიანი მოსახლეობით, შეიძლება არ მოგეჩვენოთ მომგებიან ბაზრად. თუმცა, თუ საქართველოს შეხედავთ, როგორც რეგიონალურ ჰაბს, მაშინ  ვითარება სულ სხვანაირი იქნება. ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ ცენტრალურ აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე,” - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრის განცხადებით, საქართველოში ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომით საბაჟო ტარიფების გარეშე და ამ შესაძლებლობას ქმნის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, (მათ შორის ჰონკონგთან), EFTA-სა და დსთ-ს ქვეყნებთან, უკრაინასთან და თურქეთთან და სხვ. 

საინვესტიციო ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©