ნათია თურნავა სასტუმრო „IVERIA INN“-ის ახალი ნომრების გახსნის ღონისძიებას დაესწრო
29-07-2019

თბილისში მდებარე სასტუმრო „IVERIA INN“-ს ასი ახალი ნომერი დაემატა. 200 ნომრიანი, „INN Group"-ში შემავალი ერთ-ერთ ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ტურიზმის დარგის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი, პერსპექტიული სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, რუსეთიდან ჩამომსვლელ ვიზიტორებს, ასევე მოგზაურთა წილის ზრდას ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან.

„ის ფაქტი, რომ, პრაქტიკულად, გაორმაგდა სასტუმრო „IVERIA INN“-ის შესაძლებლობები და მმართველ კომპანიას ასევე აქვს გაფართოების გეგმები, მათ შორის გუდაურსა და ბაკურიანში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის მნიშვნელობას და კერძო სექტორის როლს ამ პროცესში. სასიხარულოა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო „IVERIA INN“-მა წელს განახორციელა დამატებითი ინვესტიცია და ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტებს. ვისურვებდი, რომ ამ სასტუმროს პოტენციურ სტუმრებს შორის ყველა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს რუსი ტურისტი, ევროპელი თუ აზიელი. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

სასტუმრო „IVERIA INN“-ი ოთხი წლის წინ გაიხსნა და მოიცავდა 71 ოთახს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ჯავშნების გაზრდის გამო, 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე „IVERIA INN“-ი სტუმრებს სთავაზობს 200-მდე ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს. სასტუმროს დამატებითი ნაწილის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©