ირლანდიური ავიაკომპანია "Ryanair"-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს
21-08-2019

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Ryanair"-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს. 

ნათია თურნავას განცხადებით, პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

„წარმატებით დავასრულეთ საკმაოდ ინტენსიური და რთული მოლაპარაკებები - იწყება პირდაპირი ფრენები ახალი მიმართულებებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შეთანხმებულები ვართ თორმეტ ახალ მიმართულებაზე,  მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქები, საიდანაც ველოდებით ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

პირველ ეტაპზე "Ryanair"-ი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით რეისებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება. 2020 წლიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია კიოლნის მიმართულებას დაამატებს, რომელიც პირველ ეტაპზე კვირაში 3 ჯერ შესრულდება.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია "Ryanair"-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და შუა აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს. 

2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.
 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©