საქართველო რეგიონული ბიზნეს ჰაბია - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგი
23-10-2019

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმზე ორგანიზატორებმა დელეგატებს ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობა შესთავაზეს. 

თითოეული პანელის დასაწყისში მონიტორებზე გამოისახებოდა შეკითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით, დელეგატებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის დასრულებამდე დაეფიქსირებინათ მათთვის მისაღები პასუხი. საბოლოო შედეგი დისკუსიის ბოლოს ქვეყნდებოდა.

გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილმა დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - აბრეშუმის ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობისათვის არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის ჰარმონიზება. შეკითხვას დადებითად უპასუხა დელეგატების 94 პროცენტმა, უარყოფითად - 6 პროცენტმა.

„სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა“ - ასე ერქვა დისკუსიას, სადაც დასმულ შეკითხვაზე, რა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სატრანსპორტო კავშირებისთვის რეგიონში, ორგანიზატორებმა დელეგატებს ორი სავარაუდო პასუხი შესთავაზეს: ა. სხვადასხვა მარეგულირებელი ჩარჩოები, პოლიტიკა და მიდგომები; ბ. ფიზიკური ინფრასტრუქტურული პრობლემები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ, კერძოდ, 54 პროცენტმა მხარი პირველ პასუხს დაუჭირა, შესაბამისად, მეორე ვერსია გაიზიარა მხოლოდ - 46%. 

სადისკუსიო პანელზე, რომელიც ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა, დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვებს: გაზრდის თუ არა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მეტი სავაჭრო შეთანხმებები. ამ კითხვას დამწრეთა 89 პროცენტმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ 11 პროცენტი იყო წინააღმდეგი. პანელის სახელწოდება იყო მომგებიანი ვაჭრობა. 

„ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ“, - ასე ერქვა დისკუსიას, რომლის დროსაც დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - თქვენი შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას. რაც შეეხება პასუხებს, დელეგატთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორები - 77 პროცენტი, ეკონომიკური ფაქტორები - 15 პროცენტი და ტექნიკური შეზღუდვები - 8 პროცენტი. 

თბილისის აბრეშუმის გზის კიდევ ერთი პანელი  მიეძღვნა დისკუსიას - ინოვაციებით გამოწვეული განვითარება - ხელოვნური ინტელექტი (AI) აბრეშუმის გზისთვის, პანელის მსვლელობისას, დაისვა შეკითხვა - ხელოვნური ინტელექტის (AI) ერაში გვჭირდება თუ არა ჰარმონიზებული მსოფლიო რეგულაციები/სტანდარტები? ამ შეკითხვისთვის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს სამი პასუხი: 1.არსებული საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები საკმარისია; 2.თითოეულ ქვეყანას/რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები; 3.სრულიად ახალი მიდგომაა საჭირო. პირველ პასუხს მხარი დაუჭირა დელეგატთა 81 პროცენტმა, მეორეს - 11 პროცენტმა, ხოლო მესამეს - 8 პროცენტმა.

თბილისის აბრეშუმის გზის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის განვითარებას შეეხებოდა. 

პანელური დისკუსიების დროს ჩატარდა გამოკითხვა. ორგანიზატორებმა დელეგატებს შესთავაზეს შეკითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით. კერძოდ, შეკითხვაზე, რა არის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის უპირატესობები, დელეგატების 44 პროცენტმა უპასუხა, რომ საქართველო არის რეგიონული ბიზნეს ჰაბი. 32 პროცენტის აზრით, ასეთი უპირატესობაა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების არსებობა. დაბალი გადასახადების ფაქტორზე ყურადღება გაამახვილა 18 % - მა, ხოლო კონკურენტული ფასის სამუშაო ძალაზე აქცენტი გააკეთა 6 % - მა. 

შეკითხვაზე, რა მიზნების მიღწევა შეიძლება საქართველოში ინვესტირებით, დელეგატთა 45 პროცენტმა უპასუხა, რომ ამით მოხდება ბაზრის დივერსიფიკაცია, ამდენივემ აქცენტი ხარჯების ეფექტურობაზე გააკეთა, ხოლო გამოკითხვაში მონაწილეების 10 პროცენტმა ჩათვალა, რომ ამით მოხდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა. 

თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმი, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართა, B2B შეხვედრებით დასრულდა. ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©