ნათია თურნავა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდა
26-11-2019

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლონდონში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს ადმირალ კარლ ლეო შულცს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. 

შეხვედრაზე მხარეებმა შავ ზღვაზე უშიშროებისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და სანაპირო დაცვის, პორტების უსაფრთხოების და სახელმწიფო დროშის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების პროექტზე, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მიზნით 2019–2020 წლებში განხორციელდება. პროექტის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შეთავაზება, გემის გათავისუფლება ბიუროკრატიული ბარიერებისა და არასაჭირო დოკუმენტაციის დამუშავების პროცესისგან. აღნიშნულ პროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. პროექტის პირველი ეტაპი „საჭიროებების კვლევა“ დააფინანსა აშშ - ის საელჩომ საქართველოში. პირველი ეტაპი გულისხმობს საზღვაო სფეროს ყველა მომსახურების ინვენტარიზაციას და არსებული ბიუროკრატიის შემცირების ანალიზს, მეორე ეტაპი კი მოიცავს უშუალოდ პროგრამულ უზრუნველყოფას და სამუშაო რეჟიმში გაშვებას.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართული ნავსადგურების აუდიტსაც. აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ამოწმებს საქართველოს პორტებში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. 2018 წლის აუდიტის დროს საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. მომდევნო აუდიტი 2020 წელს უნდა ჩატარდეს. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©