ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
06-12-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონიაზე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კამპანიის Spend Your Summer in Georgia ორგანიზატორები დააჯილდოვა. 

„დღეს  მომეცა შესაძლებლობა, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დამეჯილდოვებინა ძალიან კრეატიული ახალგაზრდების ჯგუფი, რომელთაც მოიფიქრეს და საფუძველი ჩაუყარეს კამპანიაა „გაატარე ზაფხული საქართველოში“, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა ამ ერთიანი ლოზუნგის ირგვლივ“ - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში მოღვაწე ყველა ადამიანს. 

„თუკი ვინმე ბრძანდება ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში დაკავებული ადამიანები. თქვენ შეძელით და გადაეცით  თქვენი სიყვარული, თქვენი ემოცია ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, მთელ მსოფლიოს და მადლობა ამისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე განცხადებით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უპასუხოს სექტორში არსებულ გამოწვევებს, ასევე მხარში დაუდგეს სექტორს და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს საქართველოში. 

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია ძირითადად ორიენტირებული იქნება ისეთ საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიცაა CNN, National Geographic, ბლუმბერგი, გუგლი და სხვა. 

„გარდა ამისა, ჩვენ აქტიურ პოლიტიკას  ვატარებთ ჩვენ საავიაციო სივრცეში, ბოლომდე გავხსენით ჩვენი ცა და მაქსიმალურად შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. დარწმუნებული ვარ, ეს საშუალებას გაძლევთ, უკეთ მოემსახუროთ თქვენს ბიზნესს, ამ დარგს, ჩვენ მოსახლეობას და რა თქმა უნდა, მეტი ტურისტი შემოიყვანოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტ წარმომადგენელს შორის 26 გამარჯვებული გამოვლინდა.  

ღონისძიებას 700-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საერთაშორისო და ადგილობრივი მედია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.  

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში, და წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა პლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში. 


 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©