ნათია თურნავამ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გახსნა
16-12-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გახსნა, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მოამზადა.  

მინისტრის თქმით, ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი  შეიქმნება.

„მიუხედავად ყველა გლობალური თუ შიდა გამოწვევისა, საქართველომ ძალიან ბევრი შეძლო და ბევრს მიაღწია რეგიონულ საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე. შესაბამისად,  ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომდევნო წლებშიც ეს ტენდენციები გაძლიერდეს. სწორედ ამისთვის შევიმუშავეთ ახალი, პროაქტიული სტრატეგია, თუ როგორ მოვიზიდავთ უახლოეს ორ წელიწადში ინვესტორებს და გავზრდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადს. საქართველოსთანა პატარა ქვეყანაში, სადაც წლიდან წლამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტების დაწყება-დასრულების ვადებზე, სწორი იქნება ამ მაჩვენებლის საშუალოვადიან ჭრილში განხილვა. ბოლო 7 წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო დონე გაზრდილია 35%-ით წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით; საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, FDI-ს წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3-ჯერ მაღალია; იმედის მომცემია მე-3 კვარტალში უცხოური ინვესტიციების 14%-იანი ზრდა და რაც მთავარია, რეინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა, რეინვესტიციების წილი კი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 34,1%-დან 62%-მდე, რაც უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალ წელს ეს პოზიტიურიტენდენციები გაძლიერდეს“- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ არსებულ გუნდს „Invest in Georgia“, რომელმაც სტრატეგიაზე აქტიურად იმუშავა. „ეს ბრენდი ბევრისთვის ძალიან ნაცნობია, ახლა, პრაქტიკულად, ხდება მათი სტრატეგიის განახლება და მსურს  დიდი მადლობა გადავუხადო ამ გუნდის თითოეულ წევრს მათი ძალისხმევისთვის“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია IFC-ის მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა. 

სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა და მოიცავს ისეთი პრიორიტეტული სექტორების ანალიზს, როგორიცაა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, საავიაციო და საავტომობილო ნაწილების წარმოება, ჰოსპიტალიტი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და ელექტრონაწილების წარმოება, ასევე პირდაპირი/არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ინვესტიციის მოზიდვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მას როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა გააცნო.
 

2020-2021 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©