ნათია თურნავა სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის ანგარიშს და სამომავლო პროექტებს გაეცნო
20-01-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის ანგარიში და 2020 წლის სამომავლო პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნული სააგენტო ახორციელებს მეწარმეობის სტიმულირების პროგრამას „აწარმოე საქართველოში“. პრეზენტაციას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. 

სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, 2014–2019 წლებში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით 359 საწარმო ამოქმედდა, მათგან 85 საწარმო 2019 წელს დაფინანსდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 13,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. პროგრამის სასტუმრო კომპონენტის ფარგლებში, 2016–2019 წლებში საქართველოს რეგიონებში 136 სასტუმრო დაფინანსდა, რითიც ქვეყნის ტურისტულ სექტორს 3850 ახალი სასტუმრო ოთახების რაოდენობა შეემატა და 3 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. რაც შეეხება კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტს, 2016–2019 წლებში მისი დახმარებით 31 პროექტი განხორციელდა და 17400 დროებითი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთიდან რეგულარული ავიარეისების შეჩერებამ საქართველოში მცირე და საოჯახო სასტუმროები დიდად დააზარალა. მათ მხარდასაჭერად პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ შეიქმნა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის. მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ამ პროგრამით 2019 წლის სექტემბერი - დეკემბრის პერიოდში 177 განაცხადი დაფინანსდა. 

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, 2020 წელს პროგრამის სტრუქტურაში ცვლილება შევიდა და ის უფრო მეტად ორიენტირებული გახდა რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე, რაც შეეხება ახალ დარგობრივ მიმართულებებს, მათ დაემატა ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება, თევზჭერა, კერამიკული წარმოება, ტურისტული სერვისების შეთავაზება და სხვ. 

მიხეილ ხიდურელმა ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, როგორიცაა ექსპორტი და მისი ხელშეწყობა. 2019 წელს სააგენტოს დახმარებით 120-მა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო 16 საერთაშორისო გამოფენაში. გარდა ამისა, სააგენტო სისტემატურად აწყობს ტრენინგებს ექსპორტის მენეჯერებისთვის. 2014–2019 წლებში ამ სერვისით 263-მდე ექსპორტის მენეჯერმა ისარგებლა. 2020 წლისთვის სააგენტო გეგმავს სავაჭრო პლატფორმის www.tradewithgeorgia.com განვითარებას. 

პრეზენტაციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მიერ მომზადებულ 2020–21 წლებში ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას და მის განხორციელების გზებზე. ამ სტრატეგიის შედეგად, უახლოეს ორ წელიწადში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, ყველაზე მაღალანაზღაურებად, პერსპექტიულ დარგებში 3500 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. დოკუმენტი IFC-ის (საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის) მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდა. ის ასახავს საქართველოს განვითარების იმ ეტაპზე ყოფნას, როდესაც შესაძლებელი ხდება ქვეყანაში უფრო მაღალტექნოლოგიური, ცოდნაზე დაფუძნებული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა.  

„აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამაა, რომელიც მეწარმეობის სტიმულირების მიზნით მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში 2014 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეული საწარმო ამოქმედდა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა. 2020 წლიდან პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ახალი პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. მისი ვექტორი მეტად იქნება მიმართული რეგიონების ეკონომიკურ განვითარებასა და ადგილებზე ბიზნეს პროექტების მხარდაჭერაზე. მეტი აქცენტი გაკეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, აგრეთვე ისეთი დარგების ხელშეწყობაზე, როგორიცაა თევზჭერა, კერამიკული წარმოება, ბალნეოლოგიური საკურორტო ზონებისა და ტურისტული სერვისების განვითარება. პროგრამა ცვლილების შემდეგ უფრო მეტად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებს და დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, პრიორიტეტებს შორის დარჩება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საექსპორტო და იმპორტჩანაცვლებადი წარმოებების განვითარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©