ნათია თურნავამ საერთაშორისო ფორუმი „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ გახსნა
28-01-2020

ნათია თურნავამ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი  „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ (Energy Week Georgia 2020) გახსნა, რომელშიც მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 დელეგატი მონაწილეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, მასშტაბური რეფორმა, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს, გახდეს უფრო ღია, კონკურენტული, მომხმარებელი კი  უფრო მეტად დაცული. 

„რეფორმის ფარგლებში გაიზარდა დერეგულირებული ბაზრის ნაწილი, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, პარლამენტმა კი მიიღო რეფორმის საკანონმდებლო ბაზა. ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის წყალობით, შემცირდა ზეწოლა ტარიფებზე, რასაც ბიზნესი ითხოვდა და ყველა გამოწვევის მიუხედავად შევძელით მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფების უცვლელად შენარჩუნება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.  

მინისტრის შეფასებით, რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ენერგოსექტორში. ნათია თურნავამ დაასახელა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი“, რომელიც წელს მშენებლობის ეტაპზე გადავა, ასევე 250 მგვტ სიმძლავრის 4 ახალი ქარის სადგურის პროექტი, რომლებიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ინვესტორები ამჟამად სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან.  

„დიდი წარმატება იყო გორის ქარის სადგურის პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ მდგრადი და მიმზიდველი პროექტია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მზის ენერგოპროექტების დაწყებას. რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.   

კვირეულის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ენერგეტიკის წინაშე არსებული გამოწვევები, ენერგოუსაფთხოების გაძლიერებისკენ მიღებული გადაწყვეტილებები, განახლებადი ენერგიის ათვისების ხელშეწყობა და ენერგოეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები, ასევე, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მიმდინარეობა და მსხვილი საინვესტიციო პროექტები. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.   

ღონისძიების ორგანიზატორია საკონსულტაციო კომპანია „Invest In Network“, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს გაერთიანებულ სამეფოში. კომპანია ენერგეტიკის სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს განვითარებადი ბაზრებისთვის.
 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©