ნათია თურნავა კომპანიების შემოწმების პროცესის ფარგლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეწვია
07-04-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რომლის საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სავალდებულო დაცვის გათვალისწინებით. 

საწარმოში შემოწმება განახორციელა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა. მისი დასრულების შემდეგ, მინისტრმა დადებითად შეაფასა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი. 

„მოხარულები ვართ, რომ საწარმოში დაგვხვდა სანიმუშო წესრიგი ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებისა და წესების დაცვის თვალსაზრისით. საწარმოს ყველა მუშა-მოსამსახურეს აქვს პირბადე და ხელთათმანები. პერსონალს რეგულარულად უტარდება თერმოსკრინინგი. საწარმო უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარით და სრულდება სხვა რეკომენდაციები, მატ შორის, პერსონალის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ საწარმოს შეუძლია, განაგრძოს საქმიანობა და ჩვენი მხრიდან შენიშვნას არ იმსახურებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, საწარმოში 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად საქმიანობს. მისი თქმით, საწარმოში 1200 ადამიანი 4 ცვლაში აგრძელებს მუშაობას, ხოლო საწარმო, მისი მასშტაბების მიუხედავად, სრულად აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით გაგრძელდება მსგავსი სისტემური საწარმოების შემოწმება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©