ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა
01-05-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

პრეზენტაციაზე მინისტრმა წარადგინა დეტალური ინფორმაცია სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად დაგეგმილი პროგრამების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ პროგნოზებსა და შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გზებსა და შესაძლებლობებზე. მათ შორის, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით მთავრობის მიერ დაფინანსებულ სტიმულირების პროგრამებზე. 

ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა - ბიზნესის მხარდაჭერა ითვალისწინებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების განახლებულ ფორმატს, რომელიც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, როგორიცაა შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე საგადასახადო შეღავათის დაწესება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადება ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტებისთვის, საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის სესხის სუბსიდირება, ყველა იურიდიული პირისთვის სესხის რესტრუქტურიზების შესაძლებლობა, ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის დაზღვევა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების განახლებული ფორმატით განხორციელება, დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმის ამოქმედება და სხვ. 

მინისტრის განცხადებით, პანდემიისგან გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სესხის და ლიზინგის სუბსიდირების პროგრამის საქმიანობის სახეობები გაიზარდა და შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. კერძოდ, პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი სასესხო ლიმიტი 50,000 ლარამდე შემცირდა, რაც უფრო მეტ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს სესხის თანადაფინანსებით. ასევე, გაიზარდა საქმიანობების სახეობები და თანადაფინანსების თვეების რაოდენობა, 24-დან 36 თვემდე. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა თანამონაწილეობის პროცენტიც - რეფინანსირების განაკვეთს + 3%. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/2Srv4ux). 

იცვლება საკრედიტო საგარანტიო სქემის მასშტაბიც, კერძოდ პროგრამის ბიუჯეტი 20-დან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რომლის მეშვეობითაც 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფა მოხდება. პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო გარანტიის გაცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ნაცვლად, 90%-ის ოდენობით მოხდება. ამასთანავე, 30%-ის უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 5 მილიონ ლარის მოცულობის სესხის აღება. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/3fjy06u). 

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ „მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდამჭერი“ პროგრამის ბიუჯეტი 10-დან 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა და რეგიონების განვითარებაზე ორიენტირებულ საგრანტო პროგრამის გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარი გახდა. პრიორიტეტი ენიჭება: ქალ მეწარმეს, შშმ პირს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს. პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა კი 20%-ის ნაცვლად 10%-ია. (პროგრამის ბმული - https://bit.ly/2yY27zy). 

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა პოსტკრიზისულ გეგმაზეც. მისი თქმით, პოსტკრიზისული გეგმის უმთავრესი მიმართულება ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. „ჩვენ ცხადად ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია, საკუთარი რესურსი გქონდეს განვითარებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყო საკუთარი ბაზარი და საჭიროებები ქვეყანაში. ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება ქართული წარმოების ხელშეწყობა" - განაცხადა ნათია თურნავამ. 

პრეზენტაციაზე ასევე განხილული იქნა სამინისტროს ხედვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის შესახებ. 

პრეზენტაციას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©