ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
07-05-2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა გაიმართა. 

გეგმა ტურიზმის სექტორისთვის მესამე ეტაპით განსაზღვრულ მიზნობრივ დახმარებებსა და სექტორის ამოქმედების ფაზებს მოიცავს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.  

გეგმის თანახმად, უკვე 2020 წლის მაისიდან ტურიზმის სექტორის დახმარების ახალი ეტაპი ამოქმედდება, რომლის თანახმად, განთავსების ობიექტები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, 2020 წლის ბოლომდე კი საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდებათ.

ამასთან, მოხდება განთავსების ობიექტების სესხის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრუნვა 20 მილიონ ლარს არ აღემატება, სახელმწიფო ასეთ ობიექტებს სესხის პირველი 5 მილიონი ლარის საპროცენტო ხარჯის 80%-ს დაასუბსიდირებს. 

გარდა ამისა, მოხდება ტურისტულ გამოფენებზე განთავსების ობიექტების თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება, ასევე UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვასა და განხორციელებაში ხელშეწყობა. 

რაც შეეხება კვების ობიექტებს, ისინი გათავისუფლდებიან 2020 წლის ქონების გადასახადისგან, წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი, შეძლებენ საკრედიტო-საგარანტიო სქემით სარგებლობას და მთავრობა ხელს შეუწყობს მათ მიერ UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვასა და განხორციელებაში. 

ტურიზმის ამოქმედების ანტკირიზისული გეგმა ასევე ითვალისწინებს შეღავათებს ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის. კერძოდ, 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან, 2020 წლის ბოლომდე საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდებათ, 6 თვით დაუსუბსიდირდებათ საბანკო გარანტიის პროცენტი, ასევე დაუსუბსიდირდებათ ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხა, მიიღებენ დახმარებას UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვასა და განხორციელებაში, ასევე ჩატარდება გიდების გადამზადების პროგრამა და განხორციელდება სხვადასხვა სახის დახმარება. 

ტურიზის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი ჯამში 200 მილიონ ლარს შეადგენს. საგადასახადო შეღავათების გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი მოხმარდება სასტუმროების სესხების სუბსიდირებას და აღნიშნული მხარდაჭერით დაახლოებით 3,000 სასტუმრო ისარგებლებს, ასევე დაგეგმილია 5 მილიონი ლარის გამოყოფა ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერის მიზნით.  

მინისტრის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ეფექტური მართვიდან გამომდინარე, საქართველო განიხილავს ახალი ტურისტული სეზონის გახსნას ახალი კონკურენტული უპირატესობით, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი. 

გეგმის თანახმად, ტურიზმის ამოქმედება სამ ეტაპად განხორციელდება.

პირველ, მოსამზადებელ ეტაპზე ინდუსტრიაში მოხდება უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, კერძო სექტორის ხელშეწყობა მათ იმპლემენტაციაში, ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნა, საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის წარმართვა სლოგანით „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ და სხვა.  

მეორე ეტაპზე, რომელიც 15 ივნისის დაიწყება, გათვალისწინებულია შიდა ტურიზმის ამოქმედება და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა. 

მესამე ეტაპზე - 1-ლი ივლისიდან მოხდება საერთაშორისო ტურიზმის ამოქმედება. კერძოდ, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. 

 

ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©