ნათია თურნავამ ტექნოპარკში გამართულ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
17-06-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 100000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მეხუთედ გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა. 

„დღეს, როდესაც გლობალურად ყველა ახალი რეალობის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით ფასობს ახალი აზრი, ახალი მიდგომა და ინოვაცია ნებისმიერი საკითხის მიმართ ნებისმიერ სფეროში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საგრანტო პროგრამის პრეზენტაციაზე.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 100 000-ლარიანი და 650 000-ლარიანი გრანტები უკვე სისტემატურ, ტრადიციულ პროგრამად და საქართველოში განვითარებადი სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილად იქცა. 

„დღემდე 76 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, წელს ჩვენ ამას 100-მდე მივიყვანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა უკვე კონკურსის მე-5 ეტაპი გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილია გარკვეული ისტორიის მქონე ბაზარი და ასევე უმჯობესდება ეკოსისტემაც“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ მაღალ სტანდარტებზე აწყობილი პროგრამა, რადგან მის მონაწილეებს აფასებენ სილიკონ ველის ვენჩურული ფონდები, ენჯელ-ინვესტორები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მათთვის მისაღებია, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება გლობალურადაც საინტერესო იყოს. ჩვენს კონკურსში გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ თქვენ შეიძლება გლობალურ ასპარეზზე გქონდეთ მეორადი უკვე დაფინანსების და ინვესტორების მოზიდვის კარგი შანსი“ - აღნიშნა მან.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 000 ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©