ნათია თურნავამ მეზღავურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
29-06-2020

დღეს, როცა მსოფლიო და საქართველო ახალ გლობალურ გამოწვევას, გლობალურ პანდემიას ებრძვიან, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურის პროფესია საკვანძო პროფესიად გამოცხადდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვით გაიხსნა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა მეზღვაურებისადმი მიმართვისას აღნიშნა, პანდემიის პირობებში საქართველოს პორტების მუშაობა არც ერთი მიმართულებით, არც ერთი საათით არ გაჩერებულა.

„დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ და ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამ გამოწვევას ძალიან კარგად ვართმევთ თავს. სწორედ ახლა, ამ რთულ პერიოდში მეზღვაურობა გამოცხადდა საკვანძო პროფესიად, რასაც ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო არენაზე. თქვენ ყველაზე პირველებმა დანერგეთ უსაფრთხოების წესები, რამაც საქართველო არა მხოლოდ ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ადგილად აქცია, არამედ ჩვენ ვართ მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ჰაბი. ჩვენი პორტები 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, რამაც შედარებით უმტკივნეულად გადაგვატანინა ეს რთული დღეები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მეზღვაურები ჩართულები არიან რეპატრიაციისა და როტაციის პროცესში.

„საერთაშორისო ასპარეზზე თქვენ ხართ ჩვენი ძლიერი სახე. ამიტომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, იგივე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, თუკი რაიმე გვევალება თქვენს სფეროში, პრაქტიკულად ყველა დირექტივა დანერგილია და ამ მიმართულებით ძალიან ამაყები და წელგამართულები ვართ“ - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქტიურ მხარდაჭერასა და დახმარებას უწევს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის მთავრობა, რათა ეს სფერო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს.

„USAID-ის პროგრამის მეშვეობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მთავრობა საპორტო ინფრასტრუქტურაში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას გვიფინანსებს, რომ ჩვენი ქვეყანა შავი ზღვის კარიბჭედ გარდაიქმნას“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!“ - ამ სლოგანით წარმართავს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) 2020 წლის კამპანიას და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ მეზღვაურებს და თავისი წვლილი შეიტანონ მათ როტაციაში.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილი მეზღვაურები დაჯილდოვდებიან საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოთი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის და სხვა საზღვაო სასწავლებლების 10 სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წლის საფასურს დაუფინანსებს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©