ნათია თურნავა: EBRD-ის 90-მილიონიანი დაფინანსებით საქართველოში ახალი გადამცემი ქსელი და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა აშენდება
29-07-2020

საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, 90 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობას და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა. „განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. EBRD-მა 90 მლნ. ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD-თან გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის განხორციელებას შეეწყობა ხელი.  

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური - წყალტუბოს, ნამახვანი - წყალტუბოს, ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის, ნენსკრა - მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება. 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©