ნათია თურნავამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით „ევროპული საქართველოს“ კითხვებს უპასუხა
18-09-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ შეკითხვებს უპასუხა.

ნათია თურნავამ პარლამენტის წევრებს ამომწურავად გასცა პასუხი ყველა კითხვაზე, რომლებიც პანდემიის პირობებში მთავრობის სამოქმედო გეგმას, ფრენების შეზღუდვებსა და კარანტინის წესებს, ეკონომიკურ პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის გამომდინარე, ხელისუფლების მიზნობრივი და ეფექტიანი პოლიტიკა ფასდება ერთი საზომით - გადარჩენილი სიცოცხლეებით და  იმის გამო, რომ საქართველომ სხვა ბევრ სახელმწიფოზე ადრე მიიღო ზომები, გვაქვს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.

რაც შეეხება პანდემიის ფონზე მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც ჩანს ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები და კლების ტემპი იქნება - 4, -5 პროცენტი.

„ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ვირუსის უკონტროლო გავრცელების დროს საწარმოები ვერ მუშაობენ. დროულად მივიღეთ აუცილებელი ზომები და ამას იზიარებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. საერთაშოროსო საკრედიტო სააგენტოებმა ყველაზე კრიტიკული და კონსერვატიული საზომი უცვლელად დატოვა - ინვესტორებს სჯერათ საქართველოს ეკონომიკური მომავლის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ  საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის პასუხად სახელმწიფო პროგრამების რამდენიმე წარმატებული მაგალითი მოიყვანა, მათ შორის პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“.

„მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა, პირველ რიგში,  სამუშაო ადგილებით იზომება. მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა - ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა  „აწარმოე საქართველოში“- 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული და ეს პროგრამა დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა“ - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტი, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ.

მისივე თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, მათ შორის გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რომლის შედეგად, მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ს მიაღწევს.
 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©