საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება
24-09-2020

საქართველოს საზღვაო სექტორი საერთაშორისო სტანდარტებს სულ უფრო უახლოვდება.

გაუმჯობესდა და აღნიშნულ სტანდარტებს მოერგო საზღვაო  განათლების სისტემა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი 14 საზღვაო ქვეყანას შორის, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და მეზღვაურებს, როგორც საკვანძო პროფესიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ნაოსნობის ძირითად მამოძრავებელ ძალას მხარდაჭერა გამოუცხადა.

1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით სახელმწიფო დაეხმარა 8000-ზე მეტ მეზღვაურს. მათგან 4104-ს მიეცა ქვეყნის გარეთ დასაქმების და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, ხოლო 4069 - დაბრუნდა საქართველოში.

„მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ დარგის ყველა წარმომადგენელს!

პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ საზღვაო გადაზიდვების და ამ დარგში მომუშავე პირების მნიშვნელობა, რამდენად დიდია კაცობრიობის მდგრადი მომავლის შექმნისთვის.

საქართველოში 14000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია. თითოეული მეზღვაურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდია: ყველაზე კონსერვატიული გათვლებით ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ნაღდი ფულის სახით  დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვთ და ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან.

2019 წლის მონაცემებით საქართველო მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნების გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. 2015 წელთან შედარებით კი - ბოლო წლებში ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ  მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითაების მინისტრმა  ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, თანამედროვე მიდგომების, უპრეცენდენტო ორგანიზებულობისა და კოორდინაციის წყალობით საქართველოს პორტები დღეს უწყვეტ რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობენ და ქვეყნის მომარაგებასა და მთლიანად რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში სრულფასოვნად არიან ჩართულნი. 

ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები კი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©