ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა
07-10-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ იმსჯელეს. 

ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ტურიზმის წყალობით ჩატარდა, პანდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავაც განიცდის პრობლემებს.
 
მისივე თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ამ ბიზნესს და ძალიან ბევრი შეღავათი დაუწესა. 

„კარგად გვესმის, რომ ამ ბიზნესებს კვლავაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. სწორედ ამ მიზნით წამყვან ბანკებთან, მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გავმართეთ, ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ კვლავინდებურად მოახდინონ იმ სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე საოჯახო სასტუმროებს დაუგროვდათ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები გრძელდება და ჩვენ ყველა კვლავაც გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ბანკების მხრიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ როგორც კი მცირე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მიმართავენ, მზად არიან, თითოეული კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, განიხილონ სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©