ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობასთან დაკავშირებით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
27-10-2020

ფოთში, საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

„საქართველოსთვის, მათ შორის რა თქმა უნდა, ფოთისთვისაც თევზჭერის დარგი ერთ-ერთი სტრატეგიული დარგია, რომლის აღსადგენად ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი გავაკეთეთ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ავამოქმედეთ სპეციალური პროგრამების პაკეტი, რომელიც მხარს უჭერს თევზჭერას და იმ ადამიანებს, ვინც შეიძენენ შეუკვეთენ, ააშენებენ თევზსაჭერ გემებს და მოემსახურებიან მათ. ჩვენ ვეხმარებით მათ როგორც საკრედიტო-საგარანტიო სქემით, ასევე სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით. სასიხარულოა, რომ პირველი  ასეთი პროექტი დღეს იქნა ხელმოწერილი, ხოლო კიდევ სამი პროექტი მომზადების პროცესშია. ვიმედოვნებთ,რომ უახლოეს თვეებში ჩვენი დახმარებით თევზჭერის ფლოტილია აღდგება“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ. ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90%-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს  3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს +5%-იანი თანადაფინანსების მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.

საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©