ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
15-12-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ პრეზენტაციაში, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა. კვლევა მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას აღნიშნული კველევის დასაწყებად მიმართა 2019 წლის დასაწყისში. მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა.

პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდნენ OECD-ის გენერალური მდივნის მოადგილე მასამიჩი კონო, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქაბაძე, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირები. 

შესავალ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებზე და გადაწყვეტილებებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობამ იღებდა და სამომავლოდ გეგმავს ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორიცაა OECD. მან ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით ხორციელდება. 

ნათია თურნავა მიესალმა იმ ფაქტს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ შემდეგ ქვეყნებს: ლუქსემბურგი, პორტუგალია, სლოვენია, რუმინეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი. ამავე დროს საქართველოს მაჩვენებელი უკეთესია, ვიდრე ისეთი განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების რეიტინგები, როგორიცაა ფინეთი, ლიტვა, ლატვია, ესპანეთი, გერმანია, მონტენეგრო, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ასევე ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი. 

როგორც პრეზენტაციაში აღინიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100%-ზე მეტი შეადგინა. ამჟამად საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა ბიზნესის კეთების და უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაობის კუთხით და წარმოადგენს წარმატების მაგალითს სხვა ქვეყნებისთვის. დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს. 

კვლევის თანახმად, COVID-19 პანდემიას საქართველოზე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად აქვს უპრეცენდენტო ეკონომიკური შედეგები. ამავე დროს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. კვლევის თანახმად, სახელმწიფო ინვესტიციებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანიო როლი მიენიჭება როგორც უცხოურ, ისე შიდა კერძო ინვესტიციებს.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საკმაოდ მაღალია საქართველოს ეკონომიკის სიდიდის გათვალისწინებით. კვლევის თანახმად საინვესტიციო კანონმდებლობა აყალიბებს თანაბარ პირობებს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს შორის და წარმოადგენს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

მიუხედავად ყველა წარმატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აღიარებისა, OECD-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, რათა საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©