ნათია თურნავამ USAID-ის მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან შეხვედრა გამართა
03-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა, რომელიც USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და, ზოგადად, ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე, რაც USAID-ის წარმომადგენლების განცხადებით, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება.

„ჩვენ განვიხილეთ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან, რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობაში ახლა იწყება ახალი ეტაპი, დგება ახალი სტრატეგიული გეგმა, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს - ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომავალ პერიოდშიც, ისევე როგორც აქამდე. განვითარდება თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორშიც, ეს იქნება ენერგეტიკული რეფორმების მხარდაჭერა, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, USAID-ის ახალ სტრატეგიულ გეგმაში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, რაც წარიმართება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ გაძლიერებისა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის დახმარების თვალსაზრისით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©