ნათია თურნავა „ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
05-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით„ენგურჰესის“ თაღოვან კაშხალს ეწვია. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა.

სადერივაციო გვირაბში მიმდინარე რეაბილიტაცია გვირაბიდან გაჟონილი წყლის მოცულობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც სამომავლოდ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე აისახება. ჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წყლის დანაკარგები 30%-35%-იანი მაჩვენებლით შემცირდება, რაც წელიწადში დამატებით 100 მლნ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის გამომუშავებას გულისხმობს.

„ენგურჰესის“ ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა. მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, რადგან ამ დროს იმატებს წყლის რესურსები და მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს „ენგურჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე გაზრდილი სიმძლავრით.

„მანამდე წყალი არის ყველაზე დაბალი და ყველაზე სწორი დრო იქნა შერჩეული იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი არ დაზარალდეს, მეორე მხრივ კი იმისთვის, რომ ეს უნიკალური ნაგებობა განახლდეს და კიდევ მრავალი წელი მოემსახუროს საქართველოს მოსახლეობას“ - განაცხადა მინისტრმა.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის  გრანტია, 38 მლნ კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

„ენგურჰესში“ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, შპს "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტის უფროსი ჯონი ჭანია.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©